პატრიარქის გამოჩენა - იმედი და ნუგეში აგვისტოს ომში
15 აგვისტო იყო, როცა პატრიარქმა გორში წასვლა გადაწყვიტა. სატვირთო მანქანა პროდუქტებით გაავსო და რამდენიმე სასულიერო პირთან, სტიქაროსანთან და დაცვასთან ერთად ომის ქარცეცხლში გამოტარებულ გორში წავიდა.
ეროვნული და სულიერი კრიზისების, განსაკუთრებით კი ომისა და უბედურების ჟამს, ეკლესიის როლი სცილდება ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ფარგლებს და იგი ერის სულიერ საყრდენად, ნუგეშისმცემლად და გადამრჩენელ ძალად გვევლინება. წმინდა წერილი გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი განსაცდელისას არ ტოვებს თავის სამწყსოს, არამედ მზად არის თავგანწირვისთვის, როგორც უფალი იესო ქრისტე ბრძანებს: „მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხვართათვის“ (ინ. 10:11). ფსალმუნშიც ცხადად არის განჩინებული: „უფალმან მმწყსოს მე და მე არაჲ მაკლდეს... ვიდოდიღათუ შორის აჩრდილთა სიკუდილსათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ ჩემ თანა ხარ“ (ფს. 22:1-4).
ისტორიულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის წარმოადგენდა ეროვნული თვითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობის უმთავრეს ბურჯს; უცხოელ დამპყრობთა შემოსევებისას, იქნებოდა ეს დიდგორის, კრწანისის თუ სხვა უამრავი ისტორიული ბრძოლა, ქართველი სასულიერო პირები ერსა და ლაშქარს გვერდით ედგნენ, ლოცვითა და მამამთავრული კურთხევით ამხნევებდნენ მებრძოლებს და ხშირად თავადაც სწირავდნენ სიცოცხლეს სამშობლოსათვის. ეს ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობა უწყვეტ ჯაჭვად გასდევს ქართველი ერის ცხოვრებას, ხოლო ამ მარადიული, ბიბლიური მამამთავრული მზრუნველობისა და ქრისტესმიერი სიყვარულის უახლესი, უბრწყინვალესი მაგალითი 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებში გამოვლინდა. რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, როდესაც ქვეყანა უმძიმესი განსაცდელის წინაშე დადგა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ უმაღლესი სულიერი სიმტკიცისა და მწყემსმთავრული თავდადების მაგალითი აჩვენა. იმ ჟამს, როდესაც დამწვარი სოფლებიდან ათასობით დევნილი გამორბოდა და საყოველთაო სასოწარკვეთა სუფევდა, უწმინდესი გახდა იმედის, სიმშვიდისა და სულიერი გამძლეობის ცოცხალი სიმბოლო. პატრიარქის მამობრივმა ზრუნვამ მოიცვა როგორც უსახლკაროდ დარჩენილი, ტკივილით აღსავსე დევნილი მოსახლეობა, ისე სამშობლოსათვის თავდადებული გმირები.
ეკლესია მყისიერად გადაიქცა თავშესაფრად, სადაც დევნილები პოულობდნენ არა მხოლოდ მატერიალურ დახმარებასა და საკვებს, არამედ უმთავრესს - სულიერ ნუგეშსა და განცდას იმისა, რომ ისინი მიტოვებულნი არ იყვნენ. ამ უმძიმეს დღეებში, 2008 წლის 9 აგვისტოს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებასა და მიმართვაში უწმინდესმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ეკლესიის პოზიცია და ერის სულიერი სატკივარი, როდესაც ბრძანა: „საქართველოს არასდროს მიუტაცია სხვისი ტერიტორია, მაგრამ თავისას ბოლომდე დაიცავს. ასე რომ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა... ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება თავისი საზღვრების ხელყოფას... ხოლო მშვიდობა სამართლის გარეშე ვერ დამყარდება“. პატრიარქმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო საერთო ტრაგედია, სადაც საქართველო იცავდა საკუთარ საზღვრებსა და ისტორიულ სამართლიანობას, თუმცა ამავდროულად ინარჩუნებდა ქრისტიანულ სიყვარულს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ.
ცხედრების გამოსვენება. 2008 წელი
განსაკუთრებულ ისტორიულ და სულიერ გმირობად იქცა პატრიარქის გადაწყვეტილება, 15 აგვისტოს, უშუალო სასიცოცხლო საფრთხის მიუხედავად, პირადად შესულიყო საომარი მოქმედებებისა და ოკუპაციის ზონაში - გორსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე - ჰუმანიტარული ტვირთითა და სულიერი ნუგეშით. იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური და დიპლომატიური არხები უძლური იყო, სწორედ პატრიარქის სულიერმა ავტორიტეტმა გახადა შესაძლებელი ბრძოლის ველზე დაცემული ქართველი გმირი ვაჟკაცების ცხედრების გამოსვენება და მათი ქრისტიანული წესით პატივით დაკრძალვა, რამაც უდიდესი ნუგეში მოუტანა მათ მგლოვიარე ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. ილია მეორის ეს თავდადება არ ყოფილა მხოლოდ მოვალეობის მოხდ, ეს იყო ცოცხალი რწმენის, სამწყსოზე ზრუნვისა და მოყვასის სიყვარულის უმაღლესი გამოვლინება.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არასოდეს ყოფილა მხოლოდ პოლიტიკური ან სახელმწიფო-ებრივი მნიშვნელობის პრობლემა. მისთვის საქართველოს გამთლიანება იყო ეროვნული, ისტორიული და, უპირველეს ყოვლისა, სულიერი მისია. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციით განცდილი ტკივილი უწმინდესს მთელი თავისი პატრიარქობის განმავლობაში განსაკუთრებულად აწუხებდა. იგი მუდმივად ლოცულობდა საქართველოს გამთლიანებისათვის, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა და ერთმანეთთან დაპირისპირებული ადამიანების შერიგებისათვის. პატრიარქის ხედვით, საქართველოს ერთიანობა მხოლოდ საზღვრების აღდგენას არ ნიშნავდა; ეს იყო ერთი სამშობლოს შვილების სულიერი და ეროვნული ერთობის აღდგენა, ურთიერთსიყვარულისა და ურთიერთპატიების გზით.
საქართველოს პატრიარქი ილია ll გორში
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უწმინდესის ერთ-ერთ უმთავრეს ოცნებად რჩებოდა. მისთვის აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილები იყო, ხოლო იქ მცხოვრები ადამიანები - ერთი სამშობლოს შვილები. სწორედ ამიტომ, მის სიტყვებსა და ლოცვებში ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არასოდეს ყოფილა სიძულვილითა და შურისძიებით გამსჭვალული. პირიქით, იგი საქართველოს გამთლიანების გზად მშვიდობას, შერიგებასა და ქრისტიანული სიყვარულის აღდგენას ხედავდა. ამ თვალსაზრისით, 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში მისი თავდადება მხოლოდ კონკრეტულ სამხედრო და ჰუმანიტარულ მოვლენებზე რეაგირება არ ყოფილა; იგი გამოხატავდა იმ მრავალწლიანი მამამთავრული ტკივილისა და პასუხისმგებლობის უმაღლეს გამოვლინებას, რომელსაც პატრიარქი საქართველოს გაყოფილი მიწისა და გაყოფილი ხალხის გამო ატარებდა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ილია მეორის მოღვაწეობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მამამთავრული ზრუნვა არის უწყვეტი ჯაჭვი ერის სულიერ და ფიზიკურ გადარჩენაში, სადაც მწყემსმთავარი თავისი ერის ტკივილს საკუთარ ტკივილად განიცდის, დაკარგული ტერიტორიებისა და დაღუპული შვილების გამო გლოვობს, თუმცა ქვეყნისათვის ყველაზე მძიმე წუთებში კი რწმენისა და სიმშვიდის სადარაჯოზე დგას.