8 აგვისტოს ეკლესია 2008 წლის ომში დაღუპულთა სულებისთვის ლოცვას აღავლენს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში დღეს ომში დაღუპულთა სულების საოხად საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები აღევლინება.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში საქართველომ უმძიმესი ტკივილი განიცადა — ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, ათასობით თანამოქალაქის მიერ მშობლიური კერის იძულებით დატოვება და სამშობლოსთვის ძვირფასი ადამიანების დაკარგვა საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ფურცლად დარჩა.
8 აგვისტოს განსაკუთრებული პატივითა და კრძალვით იხსენებენ საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს, ქვეყნის თავისუფლებასა და ღირსებას.
2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში განსაკუთრებული იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის როლი. უმძიმესი საფრთხის მიუხედავად, ეკლესიის წარმომადგენლები საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ საომარი ტერიტორიებიდან ტყვეების, დაჭრილებისა და დაღუპულთა გამოყვანას, რათა გარდაცვლილთათვის ღირსეული პატივი მიეგოთ, ხოლო ცოცხალთათვის დახმარება და სულიერი ნუგეში აღმოეჩინათ.
დღეს, 8 აგვისტოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მოქმედ ტაძრებში აღევლინება საღმრთო ლიტურგია და პანაშვიდები 2008 წლის ომში დაღუპულთა სულების საოხად.
ეკლესია და მრევლი ლოცულობენ საქართველოს მშვიდობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის.
„მადლობას ვწირავთ ღმერთს, რომ საქართველოს თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ყოველ უმძიმეს ეტაპზე ჰყავდა და ჰყავს ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსა და ეროვნული ღირებულებების დასაცავად სიცოცხლე გაიღონ და ერთი წამი მარადისობად აქციონ…“
მარადიული ხსოვნა სამშობლოსათვის თავდადებულ გმირებს! უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მათ სულებს!
უფალმა აკურთხოს და მომადლოს მშვიდობა, ერთობა და სიყვარული სრულიად საქართველოს!
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ადრე წერდა, მიტროპოლიტი ანდრია აგვისტოს ომში დაღუპულთა სულთა მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის.