შობა ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა

2825
07:58
9
ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს: მჟკ ეკლესია ღვთისმშობლის შობას აღნიშნავს: მჟკ

მდიდარი, მაგრამ უშვილო იოაკიმე ყოველწლიურად ორმაგ მსხვერპლს სწირავდა უფალს. ერთ-ერთ დღესასწაულზე, როცა ებრაელები იერუსალიმის ტაძარში მსხვერპლშეწირვისთვის ემზადებოდნენ, მათ უარი უთხრეს იოაკიმეს პირველს შეეწირა მსხვერპლი, მიზეზად კი იოაკიმესა და ანას უშვილობა წამოაძახეს.

ნაზარეთში ერთი ღვთის რწმენით აღსავსე ცოლ- ქმარი ცხოვრობდა – იოაკიმე და ანნა. იოაკიმე, წმინდა მარიამის მამა იუდას სამეფო ტომის შთამომავალი იყო, ხოლო დედა, ანნა აარონის ტომის ღვთისმსახურის მატთანის უმცროსი ასული. მატთანს სამი ქალიშვილი ჰყავდა: მარიამი, სოფიო და ანნა.

იოაკიმე და ანნა, უფლის რწმენითა და სიყვარულით ცხოვრობდნენ და ღვთის მცნებებს ყოველთვის სუფთა გულით იცავდნენ. ცოლ-ქმარი თავიანთი შემოსავლის ორ მესამედს ყოველდღიურად გასცემდა, ერთს ღვთის ტაძარს სწირავდა, მეორეს კი გაჭირვებულებსა და მოხუცებს უყოფდა. იოაკიმესა და ანნას შვილი არ ჰყავდათ, უნაყოფობა მათ გულს მწუხარებით ავსებდა, რადგან იმ დროს უშვილობა უდიდეს სასჯელად და შეურაცხყოფათაც კი ითვლებოდა.

იოაკიმე და ანნა 50 წელი ცოლქმარნი იყვნენ და მთელი ამ დროის განმავლობაში ისინი იჩაგრებოდნენ უნაყოფობის გამო.

კანონის მიხედვით, (რომელსაც ფარისევლები უჭერდნენ მხარს) იოაკიმეს შეეძლო უარი ეთქვა უნაყოფო ცოლზე, მაგრამ მას უყვარდა ანნა და დიდ პატივს სცემდა მას, მოკრძალებულობისა და უფლის სიყვარულის გამო, ამიტომაც უარს ამბობდა მასთან განშორებაზე.  ისინი ერთად ებრძოდნენ ამ განსაცდელს მარხვით, ლოცვითა და ქველმოქმედებით. არ კარგავდნენ იმედს, რომ უფალი მათ შეიწყალებდა.

როგორც წესი დიდ დღესასწაულებზე ისინი იერუსალიმში ადიოდნენ, სწორედ ასე მოიქცა იოაკიმე, ტაძრის განახლების დღესასწაულზე, რათა სხვებთან ერთად მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ მღვდელთმთავარმა, ისსახარმა იოაკიმეს ძღვენი არ მიიღო, მიზეზი კი უშვილობა გახლდათ:

„უფალმა რაღაც საიდუმლო ცოდვის გამო მოგაკლო კურთხევა“.

დაღონებული იოაკიმე ამ ყველაფრის შემდეგ უდაბნოში წავიდა, იქ აგებულ კარავში მან 40 დღე და ღამე უჭმელ-უსმელმა გაატარა მხურვალე ლოცვაში.

როდესაც ქმრის ამგვარი საქციელის შესახებ ანნამ შეიტყო, უნუგეშოდ ატირდა და ბაღში გავიდა, რათა თავისი მწუხარება დაემალა. ის დაფნის ხის ძირას იჯდა ტიროდა და ლოცულობდა. იმ იმედით, რომ უფალი ძლიერია და კაცთაგან შეუძლებელს-შესაძლებლად აქცევს!

უცებ მის წინაშე ღვთის ანგელოსი წარსდგა და უთხრა:

„ანნა, უფალმა ისმინა შენი ლოცვები, შენ გეყოლება შვილი და შენი თესლისაგან იკურთხება ყოველი ტომი დედამიწაზე, შენი ასულის სახელი იქნება მარიამი და კაცობრიობა ხსნას მის მიერ მიიღებს“.

ანგელოსმა დაავალა ანნას, რომ წასულიყო იერუსალიმში, სადაც ქმარს ოქროს ჭიშკართან შეხვდებოდა. გახარებულმა ანნამ კი წარმოსთქვა:

„ცხოველ არს ღმერთი ჩემი, თუ შემეძინება ასული, მას ღმერთს შევწირავ, დაე, დღედაღამ მას ემსახუროს და მისი წმინდა სახელი განადიდოს“.

ამ აღთქმის შემდეგ ანნა წავიდა იერუსალიმში, რათა ედიდებინა უფალი და  მადლობა შეეწირა მისთვის.

ანგელოსი იოკიმესაც გამოეცხადა, რომელიც ლოცულობდა და უთხრა:

„უფალმა შეიწყნარა შენი ლოცვა, შენი ცოლი შობს ასულს, რომელიც ყველას სიხარულს მოუტანს, წადი იერუსალიმში და იქ ოქროს ჭიშკართან იპოვი ცოლს შენსას, რომელსაც მე ეს უკვე ვაცნობე“. 

ცოლ-ქმარი მართლაც შეხვდა ერთმანეთს იერუსალიმში, უფალს ერთად შესწირეს მადლობა და შინ იმის ღრმა რწმენით დაბრუნდნენ, რომ მიიღებდნენ ღვთისაგან აღთქმულს.

იუდეველთა ჩვეულების მიხედვით, ახალშობილისათვის მეთხუთმეტე დღეს სახელი უნდა დაერქმიათ, ანგელოსის მითითებით, ყრმას მარიამი უწოდეს, რაც ებრაულად ქალბატონს ან იმედს ნიშნავს. მარიამი გახდა დედა ღვთისა და ამით ყოველივე შექმნილის ქალბატონად და იმედად იქცა.

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ხსენება უძველესი დროიდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაული, ჯერ კიდევ IV საუკუნეში დადგინდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ