მარტვილის მერმა წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი ყვავილებით შეამკო
გიორგი ნაჭყებიამ წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენების დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად პატივი მიაგო წმინდანის ხსოვნას.
მარტვილის მუნიციპალიტეტში 25 სექტემბერს ტრადიციულად აღინიშნა „ჭყონდიდობა“ — წმინდა მღვდელმთავრის, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე.
დღესასწაულთან დაკავშირებით, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ნაჭყებიამ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ინჯიასთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მარტვილთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციებთან ერთად, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი და მოზაიკური ფრესკა ყვავილებით შეამკო.
„ჭყონდიდობის“ დღესასწაულის ფარგლებში, მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში საღვთო ლიტურგია აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ.
წმინდა გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ვეზირთუხუცესი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის სახელმწიფოებრივ და საეკლესიო ცხოვრებაში.
დღის განმავლობაში, მარტვილის თავისუფლების ქუჩაზე, „ჭყონდიდობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში ასევე დაჯილდოვდნენ მარტვილის საპატიო მოქალაქეები.
საზეიმო დღე ჯგუფ „Goofy Land-ის“ კონცერტით დასრულდა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში მომლოცველობითი მსვლელობა გაიმართა.
