ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება და მოღვაწეობა
მართლმადიდებლური ეკლესია ღირსი მამის გრიგოლ ხანძთელის ხსენებას აღნიშნავს.
VIII-IX ს.ს-ის დიდი საეკლესიო მოღვაწე და განმანათლებელი მეუდაბნოე, კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელი წინამძღვარი და ხანძთისა და შატბერდის მონასტერთა აღმაშენებელი, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი (758-861 წ.წ.) წარჩინებული დიდგვაროვნების შვილი იყო. ყრმა გრიგოლი სამეფო კარზე იზრდებოდა ქართლის ერისმთავრის ნერსეს [1] ცოლის, კეთილმორწმუნე დედოფლის მეთვალყურეობით, რომელმაც იშვილა იგი. ღირსი გრიგოლი სამოელ წინასწარმეტყველივით, დედის მუცლიდანვე ღმრთისადმი იყო შეწირული, ხოლო სიყრმიდანვე იოანე ნათლისმცემელივით მარხულობდა და ღვინო და ხორცი არ უგემია. იგი ყრმობიდან არ მონაწილეობდა ბავშვურ თამაშობებში და განმარტოებულ, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწეოდა, ამიტომ მას დაყუდებულსაც უწოდებდნენ. გასაოცარი იყო მისი მისწრაფება სწავლა-განათლებისადმი, „რამეთუ მსწრაფლ დაისწავლა დავითი და ხმითა სასწავლელი სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათა [2] და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა“. ამასთან ერთად გრიგოლმა წარმართული ფილოსოფიაც საფუძვლიანად შეისწავლა და რაც კეთილი იყო მასში - შეიწყნარა, ხოლო რაც ბოროტი და ქრისტიანისათვის მიუღებელი, - განიშორა. საუბრის დროს მისი სიტყვა იყო მადლმოსილი და წლების მატებასთან ერთად სათნოებებიც ემატებოდა. იგი არ იყო ჭაბუკივით თავმომწონე და ჭამის გულისთქმებს აყოლილი, არამედ მას შეეძლო ეთქვა დანიელ წინასწარმეტყველის სიტყვა „პური გულის სათქუმელი არა ვჭამო“ მე. ჭაბუკი გრიგოლი იყო მოკრძალებული, მორჩილი, მშვიდი, შემწყნარებელი და სულიერი საზრდოს მოსურნე, ამიტომაც მის გულში დათესილი წმინდა თესლი ღმრთისმსახურების ჯეჯილად აღმოსცენდა. ასე ღმრთისათვის სათნოდ ცხოვრობდა სამღვდელო ჭაბუკი, რომელიც შესახედავად იყო გამხდარი, ახოვანი, დიდტანოვანი, სახით მშვენიერი, მშვიდი და ზეციური სათნოებით სხივდაფენილი.
გრიგოლ ხანძთელმა ააშენა ხუთი მონასტერი: სამი მამათა და ორი დედათა. მათგან შატბერდი აშოტ კურაპალატმა „აგარაკად ხანძთისა“ გააჩინა. მის დროსვე დაარსებულა წყაროსთავის მონასტერიც დავით მიძნაძორელის მოწაფის, ილარიონის მიერ, რომელიც მერე „კათალიკოზ იქმნა მცხეთას“. ამ დროს ეკუთვნის ტბეთის მონასტერი, სადაც ზაქარია ანჩელ ეპისკოპოსს რამდენიმე სასწაული აღუსრულებია.
ტაო-კლარჯეთის ლიტერატურული და სამონასტრო ცხოვრების ნიადაგზე აღმოცენდა ახალი ცენტრი ათონის ივერთა მონასტრის სახით.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 7 ოქტომბერს საქართველოში ვეტერანის დღე აღინიშნება.