კოჯორში „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა
პროექტის ფარგლებში 1 700-მდე მოსწავლემ სამხედრო მომზადების კურსი გაიარა, წელს კი პროგრამას პირველად „საპატრიარქოს საათი“ დაემატა.
9 აგვისტოს კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში, ახალგაზრდული პროექტის — „ჯარის ბანაკის“ დახურვის ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია, მისი პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე, თავდაცვის ძალების წარმომადგენლები და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი ესწრებოდნენ.
„ჯარის ბანაკის“ მთავარი მიზანი ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებაა.
პროექტი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდა. რვა როტაციის განმავლობაში ბანაკში IX, X და XI კლასების 1 700-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
საბანაკე პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა. მოზარდები ეუფლებოდნენ საცეცხლე მომზადებას, ტოპოგრაფიასა და სამხედრო ნავიგაციას, სწავლობდნენ პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევისა და დაშავებულთა ევაკუაციის მეთოდებს. პროგრამაში ასევე შედიოდა თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადების კურსები.
„ჯარის ბანაკის“ პროგრამაში წელს პირველად ჩაერთო საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. პროექტის ფარგლებში მოზარდებისთვის „საპატრიარქოს საათი“ გაიმართა, რომლის დროსაც სასულიერო პირებმა ახალგაზრდებთან პიროვნულ, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე ისაუბრეს.
2026 წელს „საპატრიარქოს საათის“ ფარგლებში შეხვედრების მთავარი თემა იყო „ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა და ოჯახური ღირებულებები“. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური „ჯარის ბანაკის“ პროექტში უკვე მესამე წელია აქტიურად მონაწილეობს და მისი ჩართულობა ეროვნული გმირებისა და წმინდანების შესახებ საგანმანათლებლო წარმოდგენების გამართვასაც მოიცავს.
დახურვის ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილე მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები, სერტიფიკატები და ჯარისკაცის საიდენტიფიკაციო ჟეტონები გადაეცათ.
პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, მადლობის ნიშნად, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს სამახსოვრო დაფა გადაეცა.
„ჯარის ბანაკი“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ხორციელდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პატრიარქის გამოჩენა - იმედი და ნუგეში აგვისტოს ომში.