საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებს შეხვდნენ
მშობლების განცხადებით, შეხვედრაზე დადებითი პასუხი მიიღეს რამდენიმე მნიშვნელოვან მოთხოვნაზე, მათ შორის — სპეციალური ფონდის შექმნის ინიციატივაზე.
2026 წლის 8 მაისს საქართველოს საპატრიარქოში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განხილული იყო დაავადების მქონე ბავშვების მკურნალობასთან და საჭირო მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები.
მშობლების განცხადებით, მათ საპატრიარქოს კონკრეტული მოთხოვნებით მიმართეს და აღნიშნულ საკითხებზე დადებითი პასუხი მიიღეს. ერთ-ერთ მთავარ ინიციატივად დასახელდა სპეციალური ფონდის შექმნა, სადაც თანხის ჩარიცხვას შეძლებენ როგორც სხვადასხვა ორგანიზაციები და ბიზნესსექტორი, ასევე კერძო პირები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
მათი თქმით, ფონდის მიზანი დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტების შესაძენად ფინანსური რესურსების მობილიზება იქნება.
შეხვედრის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული ინიციატივა დაავადებული ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გახდება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმე და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი საუნივერსიტეტო კლინიკა გახდა.