ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარი — წმინდა დედოფლის ხსოვნის ადგილი
26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულს იხსენებს.
ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის ისტორია ძველ წარსულს უკავშირდება. გადმოცემის მიხედვით, ტაძრის დასრულებაში საკუთარი წვლილი წმინდა ილია ჭავჭავაძესაც შეუტანია. ავჭალის გავლით საგურამოსკენ მიმავალი ილია ჭავჭავაძე მშენებარე ტაძრის მდგომარეობით დაინტერესებულა და მისი დასრულება საკუთარი ხარჯით დაუფინანსებია.
ტაძარში ღვთისმსახურება კომუნისტური რეჟიმის დამყარებამდე მიმდინარეობდა. მისი ერთ-ერთი წინამძღვარი დეკანოზი ნიკიფორე კანდელაკი იყო, რომელსაც ტაძრის ტერიტორიაზე საკვირაო სკოლაც ჰქონდა გახსნილი. ღვთისმსახურებაში მას დიაკვანი გიორგი ეხმარებოდა.
საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ტაძარს თავდაპირველი დანიშნულება შეუცვალეს — იგი ჯერ საწყობად, შემდეგ კი კინოთეატრად და ბიბლიოთეკად გამოიყენებოდა.
ტაძრის აღდგენას უდიდესი ღვაწლი მიუძღვის მის წინამძღვარს, დეკანოზ გიორგი რაზმაძესა და მის სულიერ შვილებს. აღდგენითი სამუშაოების დროს, ხეების გაკაფვისას, შვიდი ხის მერქანში ჯვრის გამოსახულებები აღმოჩნდა. ეს განსაკუთრებული ნიშნები დღეს ტაძარშია დაბრძანებული.
უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით, 1998 წელს ტაძარი ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტმა იობმა აკურთხა.
დღეს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი მრავალი სიწმინდის მფლობელია. მათ შორისაა წმინდა ქეთევან წამებულის ხატი, რომლის ხატმწერიც ქეთევან ხაჟომია და რომელშიც წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილია დაბრძანებული.
ტაძარში ასევე დაბრძანებულია ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ქეთევან დედოფალი ლოცულობდა. აქვეა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც ასევე ლოცულობდა წმინდა ქეთევან დედოფალი.
26 სექტემბერს, წმინდა დიდმოწამე ქეთევან წამებულის ხსენების დღეს, ავჭალის ტაძარი კიდევ ერთხელ ხდება იმ სულიერი მემკვიდრეობის განსაკუთრებული ადგილი, რომელიც წმინდა დედოფლის რწმენას, მოწამეობრივ ღვაწლსა და საქართველოს ისტორიას აერთიანებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 1 სექტემბერს წმინდა მოწამე ნაზარის (ლეჟავა) ხსენების დღე აღინიშნება.
