სინანულის წმინდა კარი იხსნება – ქრისტიანები დიდმარხვას სულიერი განახლებისა და აღდგომის მოლოდინში ხვდებიან
23 თებერვლიდან იწყება დიდი მარხვა – დრო სინანულის, შერიგების, სულიერი განწმენდისა და აღდგომის ნათელი სიხარულისთვის მზადებისა.
დღეიდან მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში განსაკუთრებული და ღრმა სულიერი პერიოდი იწყება – ფართოდ იღება სინანულის წმინდა კარი და ქრისტიანები დიდმარხვაში შედიან. ეს დრო არა მხოლოდ თავშეკავებისა და მარხვის გარეგანი წესების აღსრულებაა, არამედ ადამიანის შინაგანი გარდაქმნის, სინდისის გამოცდისა და ღმერთთან დაახლოების განსაკუთრებული შესაძლებლობა.
დიდმარხვა თავისი სულიერი შინაარსით ადამიანის მიწიერი ცხოვრების დასრულებისა და მარადიულობაში გადასვლის წინასახეს წარმოადგენს. ეკლესიის სწავლებით, ეს არის დრო, როდესაც ადამიანი განსაკუთრებით მკაფიოდ აცნობიერებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას, გადახედავს თავის ცხოვრებას, აზრებსა და საქმეებს და იწყებს მზადებას არა მხოლოდ აღდგომის დღესასწაულისთვის, არამედ მარადიული ცხოვრებისათვის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად იგრძნობა სიჩუმე, სიმშვიდე და შინაგანი ჩაღრმავების აუცილებლობა, რაც ადამიანს ეხმარება ყოველდღიური ამაოებისგან გათავისუფლებაში.
ეკლესია გვასწავლის, რომ სიკვდილის წინ ადამიანს უჩნდება ძლიერი სურვილი ყველასთან შერიგებისა. ამ დროს ქრება სიცრუე, თვალთმაქცობა და ამქვეყნიური ამაოება. იგივე გულწრფელობა და სიწმინდე უნდა ჰქონდეს ქრისტიანს დიდმარხვაშიც – სინანული უნდა იყოს ჭეშმარიტი, ღრმა და გულწრფელი. მარხვა სწორედ ის პერიოდია, როდესაც ადამიანი სწავლობს ამქვეყნიურის მიმართ გულგრილობას და სულიერი ფასეულობების მნიშვნელობის გაცნობიერებას.
დიდმარხვის პერიოდში სული თითქოს ეჩვევა სხეულისაგან გარკვეულ დამოუკიდებლობას, თავისუფლდება ვნებებისგან და ადის თვითშეგნების უფრო მაღალ საფეხურზე. ეკლესიის სწავლებით, სიკვდილის შემდეგ სული გადის გამოცდის გზას, სადაც შეფასდება მისი ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი. სწორედ ამიტომ, დიდმარხვა არის დრო, როდესაც ადამიანი ამზადებს საკუთარ სულს ღვთის წინაშე წარსადგომად – სინანულით, ლოცვით, მარხვითა და სიყვარულით.
ეს პერიოდი განსაკუთრებულად დაკავშირებულია შენდობასთან. ყველიერის კვირის ბოლო დღე – შენდობის კვირა – არის დრო, როდესაც ტაძრებში აღესრულება სპეციალური ღვთისმსახურება და იკითხება შენდობის ლოცვები. მორწმუნეები ერთმანეთს შენდობას სთხოვენ და გულწრფელად მიუტევებენ შეცოდებებს, რადგან ეკლესიის სწავლებით, შეუძლებელია ღმერთისგან შენდობის მიღება, თუ ადამიანი თავად არ მიუტევებს მოყვასს.
მარხვა ქრისტიანისთვის არის სულიერი ბრძოლის იარაღი – საშუალება ბოროტებაზე გამარჯვებისა და საკუთარი თავის განწმენდისათვის. ეს არის დრო, როდესაც ადამიანი სწავლობს თავშეკავებას, მოთმინებას, სიყვარულსა და თავმდაბლობას. მარხვა ამზადებს ადამიანს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულის – უფლის აღდგომის – შესახვედრად.
დიდმარხვა წელს 23 თებერვალს იწყება და 12 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება. ეს არის გზა სინანულიდან სიხარულამდე, სულიერი ბრძოლიდან გამარჯვებამდე, დროებითი სიმძიმიდან მარადიული ნათლისკენ.
აღდგომის ნათელი სიხარული არ მოდის უმიზეზოდ – იგი არის სულიერი შრომის, მოთმინებისა და სინანულის ნაყოფი. სწორედ ამიტომ, ეკლესია მოუწოდებს თითოეულ მორწმუნეს, ღირსეულად გაიაროს ეს მაცხოვნებელი გზა, რათა აღდგომის დღეს არა მხოლოდ ქრისტეს აღდგომა იზეიმოს, არამედ საკუთარ სულშიც შეიგრძნოს ახალი სიცოცხლისა და განახლების მადლი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 2014 წლის 22 თებერვალს აღმოყვანილ იქნა ღირსი მამის გაბრიელ სალოსისა და აღმსარებლის წმიდა ნაწილები.