რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებს უმასპინძლა — შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და მტკივნეულ რეგიონებში ეკლესიის მრევლთან კავშირის საკითხებზე იმსჯელეს.
საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია ეწვია. სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში უმასპინძლა.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ანტონი, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი, საგარეო საეკლესიო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკინჩუკი, ამავე განყოფილების თავმჯდომარის თანაშემწე, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი და მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი საქართველოში, ვლადიმირ ალექსანდროვი.
სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს პატრიარქად აღსაყდრება მიულოცეს და რუსეთის პატრიარქის მილოცვა პირადად გადასცეს. დელეგაციის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიღებისთვის მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მტკივნეულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და იმ გზების მოძიების აუცილებლობაზე, რომლებიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ მრევლთან კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და რუსეთის ეკლესიების წარმომადგენლებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა.
