დეკანოზმა შალვა კეკელიამ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებზე ისაუბრა
თბილისის საუსლიერო აკადემიასა და სემინარიაში მამა შალვამ თემაზე „ეკლესიური ცნობიერება და თანამედროვე გამოწვევები“ ისაუბრა.
30 სექტემბერს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში საჯარო ლექცია თემაზე — „ეკლესიური ცნობიერება და თანამედროვე გამოწვევები“ გაიმართა.
ლექციის მომხსენებელი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია იყო. მან ისაუბრა თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან გამოწვევებზე და ყურადღება გაამახვილა იმ სირთულეებზე, რომელთა წინაშეც განსაკუთრებით ახალგაზრდები დგანან.
დეკანოზმა შალვა კეკელიამ აღნიშნა, რომ სოციალური ქსელები, სეკულარული კულტურა, პლურალიზმი და ინფორმაციის სწრაფი გავრცელება თანამედროვე ადამიანს მუდმივად ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ეკლესიისადმი დამოკიდებულება მხოლოდ ტრადიციას, კულტურულ მემკვიდრეობასა თუ ოჯახურ ჩვევას უკავშირდება, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ რწმენა ფორმალურ რელიგიურობად არ იქცეს.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში ეკლესიური ცნობიერების გაღრმავების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აზროვნების, ანალიზისა და შეფასების უნარების განვითარებას ენიჭება.
„წმინდა მამათა მოძღვრება და ქართული საეკლესიო გამოცდილება ის ცოცხალი წყაროა, რომელსაც შეუძლია, ადამიანს დაეხმაროს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებასა და რელიგიური, პიროვნული და ეროვნული იდენტობის გაცნობიერება-სრულყოფაში“, — აღნიშნა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
ლექციის ფარგლებში ყურადღება ასევე გამახვილდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მისიაზე — ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ღრმა სულიერი და საეკლესიო ცნობიერების ჩამოყალიბებას.
საჯარო ლექციას აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის ფორმატში სტუდენტებს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები გაეცათ.
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ყოველკვირეული საჯარო ლექციები და დისკუსიები ახალგაზრდებისთვის ქმნის სივრცეს, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ, იმსჯელონ მნიშვნელოვან საკითხებზე, დასვან კითხვები, მიიღონ კომპეტენტური პასუხები, გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება და განივითარონ მსჯელობისა და დიალოგის წარმართვის უნარები.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აბიტურიენტების მიღება იწყება.
