საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
მიტროპოლიტი არსენი (კარდამაკისი) საქართველოში ქორეპისკოპოს მაქსიმესა და დაახლოებით 50 მომლოცველთან ერთად იმყოფება.
1-ელ ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოს მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავსტრიის მიტროპოლიტი და უნგრეთისა და ცენტრალური ევროპის ეგზარქოსი არსენი (კარდამაკისი), ქორეპისკოპოს მაქსიმესთან ერთად ეწვია.
სტუმრებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და საპატრიარქოს საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო საპატრიარქოს შორის ურთიერთობებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც მიტროპოლიტი არსენი ავსტრიაში ქართულ სამრევლოს უწევს. აღნიშნულთან დაკავშირებით მას საქართველოს ეკლესიის მეთაურმა და შეხვედრის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს.
შეხვედრისას ასევე გაიხსენეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ღვაწლი და მრავალწლიანი მოღვაწეობა.
შეხვედრის დასასრულს მიტროპოლიტმა არსენიმ და კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს. სტუმრებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.
აღსანიშნავია, რომ მიტროპოლიტ არსენთან ერთად საქართველოში დაახლოებით 50 მომლოცველი იმყოფება. ისინი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საქართველოს სიწმინდეებს მოილოცავენ.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოს საპატრიარქოს ეწვია.
