გიორგი ზვიადაძე: ირანის ელჩის განცხადება უკიდურესად მიუღებელია
პროტოპრესვიტერის განცხადებით, ქეთევან დედოფლის მოწამებრივი აღსასრული ეკლესიისთვის ცალსახა ისტორიული და სარწმუნოებრივი რეალობაა და საკითხზე საპატრიარქოს მხრიდან შეფასება აუცილებელია.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი, დეკანოზი გიორგი ზვიადაძე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოუჯანის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით საკუთარი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას აანონსებს.
დეკანოზ გიორგი ზვიადაძის განცხადებით, ქეთევან დედოფალი საქართველოს ეკლესიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წმინდანია და მისი მოწამებრივი აღსასრული ეკლესიისთვის ცალსახად არის დადასტურებული.
„ქეთევან დედოფალი არის მნათობი საქართველოს ეკლესიის, დიდმოწამე. ბუნებრივია, ეკლესიას აქვს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, რომ ის აწამეს. მცდელობა იმისა, რომ შეცვალო ისტორია და ამას სხვა სარჩული და საფუძველი მოუძებნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა „ტვ პირველთან“.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოს მხრიდან შეფასების გაკეთება აუცილებელია.
„თქვენ გაინტერესებთ, საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდება თუ არა განცხადება და მიეცემა თუ არა ამას შეფასება, ეს ძალიან ლეგიტიმური და სწორი კითხვაა. რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ შეფასება მისცეს ამას საპატრიარქომ. ეს უკიდურესად მიუღებელია“, – აღნიშნა გიორგი ზვიადაძემ.
სეიედ ალი მოუჯანიმ 29 სექტემბერს განაცხადა, რომ ქეთევან დედოფლის შესახებ მის მიერ ჩატარებული პირველადი კვლევის შედეგების გაზიარებას გეგმავს. მისი თქმით, კვლევა შეეხება როგორც ქეთევან დედოფალს, ისე ირანსა და საქართველოში დაცულ დოკუმენტებსა და ისტორიულ წყაროებს.
ირანის ელჩის განმარტებით, წარმოდგენილი მასალა არ იქნება ოფიციალური ვერსია და არც ქეთევანის შესახებ „საბოლოო სიტყვის“ თქმის პრეტენზია ექნება. მისი თქმით, ეს იქნება კვლევის ამ ეტაპზე მისი პირადი ხედვა და შეფასება, რომელიც მომავალში შესაძლოა დამატებითი წყაროებისა და ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველზე შეივსოს, გადაიხედოს ან შეიცვალოს.
მოუჯანის განცხადებით, ქეთევან დედოფლის შესახებ არსებული განსხვავებული ისტორიების ხელახალი გააზრება შესაძლოა ქართველებისა და ირანელების ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობასაც დაეხმაროს.
მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი არ დაიხარჯა.
