მსოფლიო პატრიარქის ვიზიტი თესალონიკში დასრულდა
პატრიარქ ბართლომეს ყოფნა ქალაქში მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებებით აღინიშნა.
საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი რელიგიური და აკადემიური შეხვედრების ცენტრად ქცეული თესალონიკი 1–2 ოქტომბერს მსოფლიო პატრიარქის, მის უწმინდესობა ბართლომეს სტუმრობას მასპინძლობდა. ვიზიტი შედგა საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდის და ათენისა და სრულიად საბერძნეთის მთავარეპისკოპოსის, იერონიმოსის მოწვევით, ჟურნალ „თეოლოგიას“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით. ინფორმაციას რომფეა ავრცელებს.
ვიზიტის ფარგლებში პატრიარქი ბართლომე სიტყვით გამოვიდა თესალონიკის წმინდა მიტროპოლიის მონასტრების ბერების სინოდზე, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების პანორამის წმინდა მონასტერში გაიმართა. ასევე გადაიხადა ტრისაგიონი ნეტარი მთავარეპისკოპოს ქრიზოსტომოსის სულის მოსახსენიებლად „სალონიკელთა ყველა წმინდანის“ სამლოცველოში.
შემდეგი შეხვედრები ჩატარდა წმინდა გრიგოლ პალამას საგანმანათლებლო და კულტურულ ფონდში, სადაც პატრიარქმა ადგილობრივ სასულიერო პირებსა და სტუდენტებს მიმართა.
მისი უწმინდესობა ასევე ეწვია თესალონიკის მეტროსადგურს „ელეფტერიუს ვენიზელოს“, სადაც სიძველეებიც დაათვალიერა, ხოლო შემდეგ მოილოცა წმინდა ფოტიოს დიდის ეკლესია – ტაძარი, რომლის დაარსებაც თავად მას უკავშირდება 1997 წელს.
ეკლესიაში პატრიარქს მრევლი, სასულიერო პირები, ბავშვები და ადგილობრივი კულტურული ჯგუფები შეეგებნენ. იქიდან ბართლომე საკონცერტო დარბაზში გაემართა, სადაც დიდი საერთაშორისო კონცერტი „ერთად, ბალკანეთიდან მსოფლიოსთვის“ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩამოსული მუსიკოსები, ორკესტრები და გუნდი.
2 ოქტომბერს, დილით ადრე, მსოფლიო პატრიარქი ბართლომე საპატიო დელეგაციასთან ერთად „მაკედონიის“ აეროპორტიდან სტამბოლში დაბრუნდა.
მსოფლიო პატრიარქის ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მართლმადიდებლურ სამყაროში თესალონიკის მნიშვნელობას, როგორც სულიერ, ისე კულტურულ-აკადემიურ სივრცეში, სადაც რელიგია, მეცნიერება და კულტურა ერთიანდება.
მჟკ-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონსტანტინოპოლის იერარქმა მჟკ-ს მართლმადიდებლური ერთიანობის საფრთხეებზე ესაუბრა.