თურქი ისტორიკოსი: აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება კონსტანტინოპოლის ახალი დაპყრობაა
პროფესორმა თანერ აკჩამმა თურქეთი ბარბაროსობასა და კულტურული მემკვიდრეობის შექმნის უუნარობაში დაადანაშაულა.
,,თურქმა პროფესორმა თანერ აკჩამმა მკაცრი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ოსმალები კულტურული მემკვიდრეობის სისტემატურ განადგურებაში დაადანაშაულა და აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთებას „ბარბაროსობის მაგალითი“ უწოდა’’- წერდა მჟკ-ის ბერძნული ფილიალი.
„ის, რაც აია-სოფიას დაემართა, ბარბაროსობის აშკარა დემონსტრირებაა. ეს თურქების განცხადებაა, რომ ისინი არაცივილიზებული და დამანგრევლები არიან“, - განაცხადა აკჩამმა. მან დასძინა, რომ ამ ნაბიჯით თურქეთმა მსოფლიოს გამოუცხადა: „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ჩვენ ვინარჩუნებთ 1453 წლის დამპყრობლების მენტალიტეტს. 21-ე საუკუნეშიც კი არ გვაქვს სურვილი დავიცვათ კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობა“.
„მსოფლიო მემკვიდრეობის ერთ-ერთი უდიდესი ძეგლი მეჩეთად ვაქციეთ და ისევ დავიბრუნეთ, ისევე როგორც 1453 წელს, მაგრამ 21-ე საუკუნეში. რაც მოხდა, კულტურული კატასტროფაა“, - ხაზგასმით აღნიშნა ისტორიკოსმა.
აკჩამმა მე-19 საუკუნის რუსი მოაზროვნის, ნიკოლაი დანილევსკის, ციტირება მოახდინა, რომელმაც საზოგადოებები ცივილიზაციის შემქმნელებად და მის გამანადგურებლებად დაყო. დანილევსკიმ ეგვიპტელები, ჩინელები, ბერძნები, რომაელები და ევროპელები პირველებად დააჯგუფა, ხოლო ჰუნები, მონღოლები და თურქები „ისტორიის ნეგატიური ფაქტორები“ იყვნენ, რომლებმაც „შეასრულეს თავიანთი დამანგრეველი მიზანი, ხელი შეუწყვეს მომაკვდავი ცივილიზაციების დაღუპვას, შემდეგ კი დაუბრუნდნენ თავიანთ უმნიშვნელობას და გაქრნენ“.
„დასავლეთში თურქების წინააღმდეგ ბევრი რამ ითქვა“. „თურქების ცივილიზაციების მიმართ დამანგრეველი მიდრეკილებების შესახებ არა მხოლოდ ინტელექტუალები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანებიც საუბრობენ“, - აღნიშნა აქჩამმა და მრავალი ციტატა მოიყვანა: „თურქები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ყოველ ნაბიჯზე თელავენ ათასი წლის ცივილიზაციის ნაშრომებს“, „სადაც თურქი ხეს იპოვის, მოჭრის“ და „ოსმალები მხოლოდ და მხოლოდ წვავდნენ, ძარცვავდნენ და ანადგურებდნენ დაპყრობილ ადგილებს“.
პროფესორმა პრეზიდენტი ერდოღანი და მისი მოკავშირე ბაჰჩელი დაადანაშაულა „ტრადიციული ბარბაროსობისა და დამანგრეველი ტენდენციების წარმომადგენლობაში, რომლებსაც ღრმა ფესვები აქვთ ამ რეგიონში“. „დღეს მცირე აზია სავსეა დანგრეული ეკლესიებითა და წმინდა ადგილებით, რომლებიც გამოიყენება როგორც თავლებად, ასევე საწყობებად“, - ხაზგასმით აღნიშნა ისტორიკოსმა. აქჩამმა განაცხადა, რომ ერდოღანისა და ბაჰჩელის მიმართ წინააღმდეგობა „უნდა აღიქმებოდეს, როგორც ცივილიზაციური ბრძოლა ყველა თურქისთვის“ და მხარდაჭერა გამოუცხადა დაპატიმრებულ ოსმან კავალას, ანატოლიის კულტურის ფონდის დამფუძნებელს, რომელიც რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, თურქეთის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ერდოღანმა აია-სოფიას ტაძარი ბორკილებისგან გაათავისუფლა.