ეკლესია ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავს
ეს არის 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთი, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.
ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმინდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმინდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა. იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როდესაც მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია (იოანე ნათლისმცემლის მამა) შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ[2].
ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. როდესაც მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედა გახდა.
ტროპარი: დღეს განგებულებისა ღმრთისა დასაბამი არს, და საუკუნითგან საიდუმლოსა მის აღსრულებისა დაწყება, რამეთუ ტაძარსა შინა ღმრთისასა ქალწული დაემკვიდრების, და ქრისტესა ყოველთა გვახარებს, ამას უღაღადოთ ხმა-მაღლად: გიხაროდენ განგებულებისა ღმრთისა აღსასრულო.
კონდაკი: ყოვლად-წმიდა ტაძარი მაცხოვრისა, მრავალ პატიოსანი იგი ქალწული, სამღუდელო საუნჯე დიდებისა ღმრთისა, დღეს შეიყვანების ტაძრად ღმრთისა, და მადლსა თანა შეიტანს სულისა წმიდისასა, რომელსა უგალობენ ანგელოსნი ღმრთისანი, რამეთუ ესე არს კარავი იგი ზეცათა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიტროპოლიტ არსენის საქმეზე პროცესი 4 დეკემბერს გაიმართება.