სასტუმრო „ბილტმორში“ მრავალშვილიანი ოჯახების დაჯილდოვება გაიმართა
ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, საქართველოში მცხოვრებ 27 მრავალშვილიან ოჯახს ფულადი პრემია და ხატები გადასცა.
1 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ მრავალშვილიანი ოჯახების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა, რომელმაც საქართველოში მცხოვრებ 27 მრავალშვილიან ოჯახს ფულადი პრემია და ხატები საჩუქრად გადასცა.
დაჯილდოებულთა შორის იყვნენ 14 სასულიერო და 13 საერო პირი, თითოეულს 10 ან მეტი შვილი ჰყავს.
ღონისძიების ფარგლებში არქიმანდრიტმა ეფრემმა სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან ისაუბრა რწმენის მნიშვნელობაზე, მრავალშვილიანი ოჯახების როლზე და დემოგრაფიული პრობლემების შესახებ, რომელიც თანამედროვე საზოგადოებაში აქტუალურ გამოწვევად რჩება.
დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, სხვადასხვა სასულიერო პირები, ვატოპედის მონასტრის წარმომადგენლები, ხელოვანები და სხვა სფეროების გამოჩენილი პირები.