ცხოველი წყლის მისტიკა

2826
17 მაისი 2025 11:38
22
„ქრისტე და სამარიელი ქალი“, სერგეი ივანოვი. ფოტო: Википедия „ქრისტე და სამარიელი ქალი“, სერგეი ივანოვი. ფოტო: Википедия

ფიქრი ცხოველი წყლის მადლზე, თანამედროვე სასულიერო პრაქტიკოს მოღვაწეთა გამოცდილებაზე დაფუძნებული.

რამდენი რამ გააკეთა და გაიაზრა იუდეველთა ელიტამ კანონის გასაგებად. რამდენი სიტყვა ითქვა ამის შესახებ, რამდენი რეკომენდაცია გაიცა. და მაინც, თავის ძირითად მოსაუბრეებს ქრისტე იმ ხალხში პოულობს, ვინც მტრულად არის განწყობილი ორთოდოქსალური იუდაიზმის მიმართ. მისტიურ საუბრებს  ცხოველი წყლის შესახებ, რომელიც მარადიული ცხოვრებისკენ მიედინება, ამქვეყნად განკაცებული ღმერთი სამარიტელ დედაკაცთან აწარმოებს.

ჩვენც ხომ არ ვემსგავსებით ამ იუდეველებს, რომლებიც თავიანთ ტრადიციებში, წესდებებში, კანონებში  არიან ჩაფლულები, რომლებმაც სულიერი ცხოვრების არსი და აზრი დაივიწყეს? ჩვენც ხომ არ ვსხედვართ დამშრალ ცარიელ ჭასთან და ვსაუბრობთ ცხოველი წყლის გემოზე, თვისებებზე, უსასრულო საღვთისმეტყველო დისკუსიებს ვატარებთ მისი ქიმიური ფორმულის გარშემო?

გარეგნული რელიგია  ცხონებასთან ხომ არანაირ კავშირში არ არის. ის ცხონებას მხოლოდ გარეგნული ქმედებების საშუალებებით გამოხატავს, რომლებსაც არ გააჩნია სულიერება და მხოლოდ ძვირფასი შესამოსლით  და საზეიმო რიტუალებით ახდენენ მის იმიტირებას. ის, ვინც ცხოველი წყლის გემო იცის, ადვილად ანსხვავებს გარეგნულ „სულიერებას“ შინაგანი მადლისგან, ამიტომ უშუალოდ ცხონებისკენ ისწრაფვის, არ უგულებელყოფს გარეგნულს და არ ივიწყებს შინაგანს. შინაგან  ქრისტიანობას მივყავართ გონებრივ მდუმარებამდე  და ეგოიზმის სრულ აღმოფხვრამდე. ცხონებამდე ვერასდროს ვერ მიხვალ გარედან, ვინაიდან ცხონება შიგნით ხდება, ყოველი ადამიანის გულში, სულიწმინდის შეწევნით. აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ ვის რა წაუკითხავს, მთავარი არის ის, თუ რა განიცადე ღმერთთან ურთიერთობისას. რატომ დაიწერა ამდენი რამ წმინდა მამათა მიერ? იმიტომ, რომ შენი გონება ერთხელ დადუმდეს და შეძლო წმინდა დუმილის სანუკვარი სიტყვების შემეცნება.

თუმცა შინაგანი ქრისტიანობა გარეგნული რელიგიით იწყება, რომელიც თავისი სიმბოლოების საშუალებით ხელს უწყობს, რომ დამწყებებმა თავიანთ თავში მიმართონ გონება, გულში, სადაც თავად ცხონება ხდება, სადაც ქრისტეა. ამიტომ

ის, ვინც დიდხანს რჩება გარეგნულ რელიგიაში, სულიერად ვერ ვითარდება.

სულიერი განვითარება ეგოიზმის სრული განადგურებაა და ეს უშუალოდ  სულიერი პრაქტიკაა, რომლის გარეშე არანაირი ცხონება არ არის შესაძლებელი. მორჩილ სულს სამოთხის არომატი აქვს, იმიტომ, რომ მან მტკიცედ გადაწყვიტა არ იცხოვროს ილუზიაში. ერთადერთი, რაც არსებობს, ღმერთში ცხოვრებაა. ასეთი ცხოვრება განკუთვნილია არა მარტო ერთი მუჭა ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ცხონების გადაწყვეტილება მიიღო. ყველა ომის დასაბამი სიამაყეა, ხოლო მშვიდობის - მორჩილება. მორჩილება არის საკუთარი ეგოიზმის გაცვლა სულის მარადიულ სიმშვიდეში. როდესაც ენა სდუმს, მოდის სიმშვიდე. როდესაც გონება სდუმს, მოდის ცხონება.

რაც უფრო ხანგრძლივად და ბევრს განვიცდით, მით უფრო მტკიცედ და მჭიდროდ ვიჭერთ თოკს საკუთარ კისერზე.

გიყვარდეს ღმერთი, ემსახურე ადამიანებს და სხვა არაფერზე არ იფიქრო. დანარჩენზე შენ მაგივრად ღმერთი იფიქრებს.

უფალი, რომელსაც ჩვენ თავდაპირველად აღვიქვამთ როგორც ამქვეყნიურ და მთელი სამყაროს ღმერთს, იხსნება ჩვენს გონებასა და გულში ისე, როგორც ჩვენი საკუთარი მარადიული „მე ვარ“, ჩვენი სულიერი ზრდის შესაბამისად. ქრისტე და ჩვენი სული ერთიანია. როდესაც ადამიანი ლოცულობს, ის ნათელშია, ვინაიდან ღმერთია ნათელი. სწორედ ეს არის მისი პასუხი ჩვენს ლოცვებზე. სირთულეების წყალობით, ჩვენ ღვთის ძებნაში ვართ. წუხილის წყალობით, მოვიპოვებთ ცხონებას. ქადაგების მოსმენისას, ვაგროვებთ სიტყვებს და საკუთარი გულის მდუმარებას ვუღრმავდებით - მოვიხვეჭთ მადლს. რაც უფრო ახლოა მწვერვალი, ქარი მით უფრო ძლიერდება. რაც უფრო ახლოა ცხონება, მით უფრო მეტია საცდური.

ყველაზე დიდი ბედნიერება - ადამიანთა სიყვარული და ჩვენს გულში მათი ადგილია. ყველაზე დიდი ნეტარება - ჩვენს გულში უფლის დატევა და მისი საუკუნო მკვიდრობაა.

მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჭეშმარიტების შეცნობა გვსურს, იმ დროს, როდესაც ჭეშმარიტება თავად ელოდება ჩვენს გულებში ჩვენთან შეხვედრას.

განცდა იმისა, რაც  მსოფლიოში ხდება, საკუთარი ეგოიზმისა და მიჯაჭვულობის განმტკიცებას ნიშნავს. ამქვეყნიური სიტყვები ჩვენს ყურებში მტვრად იქცევა, ხოლო ღვთიური სიტყვები ჭეშმარიტებად იქცევა გულში. თუ ცდომილი იქნები - მოკვდები. ცდომა - ამქვეყნიურით ტკბობას ნიშნავს. ტკბობა - მიჯაჭვულობაა. ამქვეყნიური მიჯაჭვულობა სიკვდილია. განკითხვა ყველაზე მეტად განამტკიცებს ეგოიზმს. ამიტომ ვეცადოთ არავინ და არაფერი არ განვიკითხოთ. ვიღვაწოთ იმისთვის, რომ ძირფესვიანად აღმოვფხვრათ ჩვენი ეგოიზმი.

ქრისტიანად ყოფნა მადლით გასხივოსნებას და ქრისტეს სიყვარულში ცხონების განცდას ნიშნავს. სხვა დანარჩენი - ბოროტისგან არის. ეგოიზმზე უარის თქმით სიმშვიდე ისადგურებს ჩვენში, სიმშვიდეზე კი უარის თქმა შეუძლებელია. ყველაფრის მიმართ მშვიდობიანი დამოკიდებულებით სიმშვიდეს მოვიპოვებთ. „სიმშვიდით მიღებული გამხმარი პური ლხინზე უკეთესია, რომელიც შფოთვით მიმდინარეობს“ - ეზოპი. სიმშვიდეში ნათდება სული და აშკარა ხდება, რომ სული არის არაამქვეყნიური გონი. ჩვენ პირდაპირ და უშუალოდ ვიმეცნებთ, რომ ყველაფერი წარმავალია და მხოლოდ სული, მადლით სახეცვლილი, მარადიული და უძლეველია. როგორ განვსაზღვროთ, რომ ჩვენი სული უკვე მომწიფდა მადლის მოსახვეჭად? მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენს ქმედებებში არ არის ჩართული ვნება. შევწყვიტოთ საკუთარ თავზე ზრუნვა, თორემ ღმერთისთვის დრო აღარ დაგვრჩება. სულიერი ცხოვრების  ყველა საქმეს თან უნდა ერთვოდეს მთავარი - მორჩილება.

სულიერი თავისუფლება შინაგანია და არა გარეგნული. მიჯაჭვულობა მხოლოდ გარეგნულია. მადლი კი - მხოლოდ შინაგანი. როდესაც ჩვენ გარეგნულები ვართ, ვიტანჯებით. შინაგანად - უვნებელნი ვხდებით.

თუ ჩვენში ქრისტეს ნათელია, არაფერზე არ უნდა ვიზრუნოთ: დღე იქნება თუ ღამე, ომი თუ მშვიდობა, ცოცხლები ვიქნებით თუ მკვდრები.

არ უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების გაუმჯობესებაზე. სჯობს, მისი სიცრუისგან განვთავისუფლდეთ. სასოწარკვეთის შავი მორევიდან თავის დაღწევა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ მადლის ცხოველმყოფელი ჰაერი შევისუნთქოთ და მერე კვლავ ჩავეფლოთ იგივე მორევში. მადლთან ერთად საჭიროა ცათა სასუფევლის ნაპირამდე მიღწევა.

ის, რაც  მოგვეწება, სულ რაღაცას ითხოვს ჩვენგან. ის, რაც ჩვენს ნამდვილ არსს წარმოადგენს, ჩვენს ჭეშმარიტ „მე ვარ“, მყოფობს ღმერთში და ამიტომ არაფერს არ ითხოვს. ღმერთი - ჩვენი სულის ბირთვია და ჩვენი ყოფიერების საფუძველი. ღმერთში ყველაფერია აქ და ახლა. ღმერთის გარეშე არაფერი არ არის. ღვთის ყველა ქმედება მადლიერებით უნდა მივიღოთ. უდრტვინველად უნდა შეველიოთ ყველაფერს, რაც მას მიაქვს. უნდა მოვუსმინოთ და დავუკვირდეთ იმას, რითაც ჩვენი სული ცხოვრობს. ჩავუღრმავდეთ მის მდუმარებას. სხვა დანარჩენზე ღმერთი იზრუნებს. არ უნდა დავუშვათ, რომ მსოფლიომ ჩაგვითრიოს მიმდინარე მოვლენებში, არ უნდა გავერთოთ ჩვენი გონებრივი ზრახვებით. სულიწმინდის მოხვეჭა - ყველაფერია, რისი გაკეთებაც აუცილებელია.

რა არის ამისთვის საჭირო? მხოლოდ მოწყალე გული და მდუმარე გონება. მაშინ ცხოველი წყლის ნაკადულები გაიღვიძებს ჩვენი სულის წიაღში და ერთ დიდ მდინარედ წარმოედინება, რომელიც თავისი ცხოველმყოფელი წყლის სიგრილით გაჟღინთავს ჩვენს ცხელი ვნებებისგან დასიცხულ სულს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ