მარხვა თანამედროვე ცხოვრების რიტმში

26 აგვისტო 14:41
360
ილუსტრაცია: მჟკ ილუსტრაცია: მჟკ

მართლმადიდებლური ტრადიცია ამ კითხვას ცალსახა პასუხს სცემს: მარხვა არა მხოლოდ არ კარგავს აქტუალობას, არამედ სწორედ თანამედროვე ცხოვრების პირობებში ავლენს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას.

თანამედროვე ადამიანი დროის დეფიციტში ცხოვრობს. სამუშაო გრაფიკი, საზოგადოებრივი ვალდებულებები, ინფორმაციული გადატვირთულობა და მუდმივი აჩქარება ისეთ რიტმს ქმნის, რომელშიც სულიერი ცხოვრებისთვის ადგილის დატოვება საკმაოდ რთულ ამოცანად იქცევა ხოლმე. ამ კონტექსტში ბუნებრივად ჩნდება კითხვა - აქვს თუ არა აზრი მარხვას XXI საუკუნის ადამიანისთვის, თუ ეს მხოლოდ ისტორიული გადმონაშთია, წარსულის ნაკვალევი, რომელსაც დღევანდელობასთან კავშირი აღარ გააჩნია?

მართლმადიდებლური ტრადიცია ამ კითხვას ცალსახა პასუხს სცემს: მარხვა არა მხოლოდ არ კარგავს აქტუალობას, არამედ სწორედ თანამედროვე ცხოვრების პირობებში ავლენს თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას. რაც უფრო მეტად იფანტება ადამიანის ყურადღება გარესამყაროზე, მით უფრო აუცილებელი ხდება პერიოდული, დისციპლინირებული დაბრუნება საკუთარ თავთან, სინდისთან და ღმერთთან - და სწორედ ეს არის მარხვის არსი.

მარხვა, თავისი ღრმა შინაარსით, არ არის უბრალო კვებითი შეზღუდვა ან ჯანმრთელობის ხელშემწყობი პრაქტიკა, თუმცა ამ უკანასკნელს იგი მართლაც ემსახურება. საეკლესიო გაგებით მარხვა არის მთელი ადამიანის - სულის, გონებისა და სხეულის - მოწესრიგება, სულიერი მოთოკვა, რომელიც ადამიანს ეხმარება, გათავისუფლდეს ვნებათა ტყვეობისგან და დაუბრუნდეს თავის პირველყოფილ, ღვთისმიერ ბუნებას.

წმინდა წერილი მარხვას პირველივე გვერდებზე გვთავაზობს - სამოთხეში ღვთის მცნება პირველ ადამიანთა მიმართ, არ ეჭამათ კეთილისა და ბოროტის შემეცნების ხისგან, არსობრივად სწორედ მარხვის პირველი ფორმაა. ადამის დაცემა თვითნებობის, ღვთის მცნებისადმი ურჩობის შედეგი იყო, და, შესაბამისად, მარხვა, როგორც მორჩილება და თავშეკავება, ხდება ამ დაცემის განკურნების პირველი ნაბიჯი. თავად მაცხოვარმა ორმოცდღიანი მარხვით უდაბნოში წინასწარ განწმინდა გზა თავისი საზოგადო მსახურებისთვის და დაგვიტოვა მაგალითი.

ეკლესიის მამები საუკუნეთა განმავლობაში განუწყვეტლივ საუბრობდნენ მარხვის მნიშვნელობაზე, თუმცა ერთხმად აფრთხილებდნენ - მარხვა თავისთავად, გულისხმიერების, სიყვარულისა და მოძმის მიმართ თანაგრძნობის გარეშე, უსარგებლოა და შეიძლება სულაც ცოდვად გადაიქცეს, თუ ამპარტავნებას გვინერგავს.

წმინდა იოანე ოქროპირი განსაკუთრებული სიმკვეთრით საუბრობდა ამ საკითხზე. მისი ცნობილი სწავლებით, ჭეშმარიტი მარხვა არის ბოროტებისგან დაშორება და არა უბრალოდ საკვების შეზღუდვა - თუ პირი მარხულობს საჭმლისგან, მაგრამ განაგრძობს ცოდვას, ეს მარხვა ფუჭია და ღმერთისთვის მიუღებელი. ოქროპირი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებდა იმაზეც, რომ მარხვას თან უნდა ახლდეს მოწყალება - ღონემიხდილი ადამიანისთვის დახმარების გაწევა, რადგან საკუთარი შემცირებული ხარჯებით სხვისი გაჭირვების შემსუბუქება მარხვის ბუნებრივი ნაყოფია. წმინდა ბასილი დიდი მარხვას ადამიანის პირველყოფილ, სამოთხისეულ მდგომარეობასთან აკავშირებდა და მას სულის განწმენდისა და ვნებათა დათრგუნვის საშუალებად მიიჩნევდა. მისი სწავლებით, მარხვა ხელს უწყობს გონების სიფხიზლეს და ლოცვის სიღრმისეულობას, რადგან სხეულის სიმძიმისგან განთავისუფლებული სული უფრო ადვილად აღიმაღლება ღვთისკენ.

განსაკუთრებით ღირებულია, თუ როგორ გადმოსცემენ ამავე სულისკვეთებას XX საუკუნის და თანამედროვეობასთან უფრო ახლოს მდგარი წმინდანები და ღვთისმეტყველები, რომელთა სიტყვასაც ჩვენს ეპოქასთან განსაკუთრებული სიახლოვე გააჩნია. წმინდა პაისი მთაწმინდელი, რომელიც თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სულიერ მამად ითვლება, არაერთხელ უსვამდა ხაზს, რომ მარხვა უნდა შესრულდეს გულმხურვალედ და მოკრძალებით, ფარისევლური სიმკაცრის გარეშე. მისი ცნობილი შემთხვევა, როდესაც მან, მკაცრი მარხვის დღეებში, ავადმყოფობის გამო რძის მიღება არჩია და მოკრძალებით უპასუხა გამკიცხველ სტუმრებს, ცხადჰყოფს მისი სწავლების არსს - მარხვის წესი ადამიანისთვის არსებობს და არა ადამიანი მარხვისთვის, და გარეგანი ფორმის დაცვას სჯობს გულის მდგომარეობა და გონივრული განსჯა. ამასთანავე, ის უსვამდა ხაზს, რომ საერო ადამიანებსაც, ოჯახებში მცხოვრებთაც კი, შესწევთ ძალა ღრმად სულიერი ცხოვრება აღირჩიონ - მარხვით, ლოცვით, წირვა-ლოცვაზე დასწრებით - ბერმონაზვნური მკაცრი წესების გარეშეც.

წმინდა პორფირი კავსოკალიველი, XX საუკუნის კიდევ ერთი დიდი მოძღვარი, ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ჯანმრთელობის საწინდარი არ არის საკვები თუ ხელსაყრელი პირობები, არამედ წმინდა, ქრისტესმიერი ცხოვრება - და მოჰყავდა მაგალითად მოღვაწენი, რომლებიც უკიდურესი სიმკაცრით მარხულობდნენ და, ამის მიუხედავად, არასდროს ავადმყოფობდნენ. მისივე სწავლებით, სულიერი გამოცდილება - ლოცვა და თავშეკავება - უნდა აღსრულდეს არა ძალდატანებით, არამედ სიხარულით, ქრისტესადმი სიყვარულის გამოხატვით. მისი აზრით, საკუთარ თავზე ძალადობა და მკაცრი, უსიხარულო მარხვა სულს კი არ განწმენდს, არამედ, პირიქით ამძიმებს.

თანამედროვე მამების სწავლებაში განსაკუთრებით თვალშისაცემია ერთი საერთო ხაზი - მარხვის აქცენტი გადატანილია გარეგანი სიმკაცრიდან შინაგან, გულისეულ განწყობაზე. ეს არ ნიშნავს მარხვის კანონიკური წესის უგულებელყოფას, არამედ მიუთითებს, რომ თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც უკვე საკმარისად დატვირთულია გარეგანი ვალდებულებებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მარხვის შინაგან, სულიერ განზომილებას. დღევანდელ ცხოვრებაში მარხვა შეიძლება გავიგოთ არა მხოლოდ როგორც კვების შეზღუდვა, არამედ როგორც ცნობიერი წინააღმდეგობა იმ მუდმივი მოხმარების საგნების თუ კულტურის მიმართ, რომლებშიც თანამედროვე ადამიანი ცხოვრობს - იქნება ეს საკვების, ინფორმაციის, გართობისა თუ ციფრული ტექნოლოგიების მოხმარება. მარხვის პერიოდი გვთავაზობს შესაძლებლობას, შევჩერდეთ, დავფიქრდეთ, გავათავისუფლოთ დრო და ყურადღება ლოცვისთვის, წმინდა წერილის კითხვისთვის, მოყვასის მიმართ სიყვარულის გამოვლენისთვის. ამასთანავე, თანამედროვე მოძღვრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ პირად, გონივრულ მიდგომას - მარხვის წესის მორგებას კონკრეტული ადამიანის ცხოვრებისეულ ვითარებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობასა და სულიერი მამის კურთხევაზე. ეს არ არის მარხვის შერბილება, არამედ პასუხისმგებლიანი, გამოცდილებით გამყარებული მიდგომა, რომელიც გამორიცხავს როგორც უგუნურ სიმკაცრეს, ისე გულგრილობას.

ამგვარად, მარხვა, როგორც საეკლესიო წესი და ჩვეულება, არ არის დროთა ვითარებაში მოძველებული პრაქტიკა - იგი წარმოადგენს მარადიულ სულიერ ინსტრუმენტს, რომლის ღირებულებაც სწორედ თანამედროვე, აჩქარებული და გადატვირთული ცხოვრების პირობებში უფრო ცხადად ვლინდება. სწორედ ამიტომ რჩება მარხვა აქტუალურ და ცოცხალ გზად ყოველი თაობის ქრისტიანისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ