მენელსაცხებლე დედები და მათი ღვაწლი
ქრისტიანულ ტრადიციაში მენელსაცხებლე დედათა ღვაწლი განსაკუთრებულია.
ეკლესია მენელსაცხებლე დედებს საგანგებოთ იხსენებს აღდგომიდან მეორე კვირას, რაც, ბუნებრივია, შემთხვევით არ ხდება, რადგან სწორედ იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომასთან მიმართებით იკვეთება მათი ღვაწლი. სიტყვა „მენელსაცხებლე“ გაგებულ უნდა იქნას, როგორც კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მტირთველი ქალბატონი, რომელმაც ქრისტეს სხეულს, იუდაური წეს-ჩვეულების თანახმად, სცხო ზეთოვანი სითხე, ალოეს და მურის ნაერთი და ამგვარად მიაგო ჯვრიდან გარდამოხსნილ და საფლავად დადებულ მაცხოვარს პატივი. თუმც,ა მენელსაცხებლე დედათა ღვაწლი მხოლოდ ნელსაცხებლის ცხებით არ შემოიფარგლება, არამედ ისინი ქრისტიანული სიყვარულისა და ერთგულების უმაღლეს მაგალითად გვევლინებიან.
სახარებისეული სწავლებით მაცხოვარს ემსახურებოდნენ: მარიამ მაგდალინელი, იოანა, სალომე, მარიამ იაკობისი, სოსანა და მართალი ლაზარეს დები: მარიამი და მართა. თითოეული მათგანი არ განშორებია მაცხოვარს მთელი ვნების განმავლობაში და უერთგულესად გაიზიარეს თავად ქრისტეს და მისი ყოვლადწმინდა დედის ტკივილი.
მენელსაცხებლე დედათა კვირის სვინაქსარში ვკითხულობთ: „პირველად დედებს ეხარათ აღდგომა და შემდეგ მოწაფეებს ახარეს. ჯეროვანი იყო ეს, რადგან ცოდვით დაცემულებს და წყევლაში მყოფებს, უფლის აღდგომა პირველებს მათ გაეგოთ, ვინაიდან მათ (ევას და შესაბამისად ქალთა მოდგმას) ესმათ თავდაპირველად უფლისგან - მწუხარებით შობდე შვილთა შენთა. დედებს გააჩნდათ მხურვალე სიყვარული ქრისტესი, როგორც მის მოწაფეებს, ამისთვის იყიდეს ძვირადღირებული ნელსაცხებელი და იუდეველთა შიშის გამო ერთად მივიდნენ ღამით“.
მენელსაცხებლე დედათა კვირის ჰიმნოგრაფიული საკითხავ-საგალობლები შემდეგს გვაუწყებს: „მენელსაცხებლენი დედანი, მოიწივნეს რაჲ საფლავად განთიად, აქუნდათ ნელსაცხებელი, რაჲთა შემურონ გვამი იესუჲსი და რაჟამს მიიწივნეს საფლავად უფლისა, ურთიერთარს ეტყოდეს: ვინ გარდაგვიგორვოს ჩვენ ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა? ანუ სადა არიან ბეჭედნი საფლავისანი და დასი პილატესი, გინა განკრძალვით დაცვაჲ მათი? ხოლო ანგელოზი აუწყებდა დედათა მათ და ეტყოდა: რაჲსა ჰგოდებთ და ეძიებთ, რომელმან განაცხოველა კაცთა ნათესავი, არამედ აღდგა ქრისტე ღმერთი ჩუენი, ვითარცა კაცთმოყუარე არს და ჩუენ მოგუანიჭა უხრწნელებაჲ და ცხორებაჲ დიდითა წყალობითა თვისითა“. „ნელსაცხებელი მორაჲ-აქუნდათ დედათა და ენებათ რაჲთა დაგასხან შენ და შეგმურონ, ხოლო შიშისათვის ჰურიათასა შეპყრობილნი ხედვიდენ მხედართა, რომელნი კრძალულად ცვიდენ საფლავსა შენსა, არამედ უძლური ბუნება დედათაჲ სიმხნედ გამოაჩინეს, რამეთუ აქუნდათ განზრახვაჲ კეთილი შენდა მომართ და სიხარულით გიღაღადებდეს: აღსდეგ, ღმერთო, შეგვეწიენ ჩუენ და გვიხსნენ ჩუენ სახელისა შენისათვის.“
მენელსაცხებლე დედათა ღვაწლი ღრმა საღვთისმეტყველო შინაარსის მატარებელია. კერძოდ, მასში განიჭვრიტება ადამიანის დაცემისა და აღდგომის პარალელი. წმინდა მამები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ როგორც ქალის მიერ შემოვიდა ცოდვა, ისე ქალის (ქალების) მიერ გვეხარა აღდგომისა და განახლების სიხარული. ნეტარი ავგუსტინე აღნიშნავს: „ქალებს ეუწყათ პირველად აღდგომა, რათა მათ, ვინც სიკვდილი მოიტანა (ევამ), ახლა სიცოცხლის უწყება მოეტანა“. წმინდა გრიგოლ პალამას უწყებით: „ქალები, რომელთაც გარდაცვლილის მსახურებისათვის მოჰქონდათ სურნელი, სიცოცხლის მახარებლებად იქცნენ. მენელსაცხებლე დედები იყვნენ სიყვარულით ანთებულნი და ამიტომაც გახდნენ ღირსნი პირველებს ეხილათ აღდგომის ნათელი“. წმინდა კირილე ალექსანდრიელის თქმით: ისინი მივიდნენ საფლავთან არა ცნობისმოყვარეობით, არამედ გულწრფელი სიყვარულით, რომელიც განაგდებს ყოველგვარ საფრთხეს“.
პირველად მოციქულები კი არ ხდებიან ქრისტეს აღდგომის მოწმენი, არამედ დედები, ქალები, რომელთაც ბოლომდე უერთგულეს უფალს და სწორედ მათი მეშვეობით ეუწყათ აღდგომის სიხარული დამწუხრებულ და შეშინებულ მოციქულებს. ამიტომ მენელსაცხებლე დედებს ხშირად უწოდებენ მოციქულთა მოციქულებს - apostolae apostolorum.
მენელსაცხებლე დედათა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მარიამ მაგდალინელი, რომლისგანაც ქრისტემ შვიდი ეშმაკი განდევნა. მისი ცხოვრება ნათელი მაგალითია ადამიანის შინაგანი გარდაქმნისა. იგი განიკურნა მაცხოვრის მიერ და გახდა მისი ერთგული მოწაფე. სწორედ ის, საფლავად მისული, ხდება აღდგომის ჭეშმარიტების პირველი მოწმე. წმინდა იოანე ოქროპირის თქმით: „მარიამმა თავისი მონდომებისა და უფლისადმი სიყვარულის გამო დიდი ჯილდო მიიღო. მან იხილა ის, რაც მოწაფეებს არ უნახავთ: სპეტაკი სამოსლით შემოსილი ანგელოზები თავთან და ფეხებთან იდგნენ იმ ადგილზე, სადაც მაცხოვარი ესვენა“. მოგვიანებით კი, თავად ქრისტე ეჩვენება ღირს დედას და მიმართავს მისთვის ნაცნობი ხმით: „მარიამ!“. მარიამ მაგდალინელი გახდა მოციქულთათვის ამ უაღმატებულესი მოვლენისა მახარობელი.
როგორც საეკლესიო გარდამოცემა გვაუწყებს, მაცხოვრის ამაღლების შემდგომ, მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა და კეისარ ტიბერიუსს უქადაგა იესო ქრისტეს შესახებ. იგი აღესრულა ეფესოში და დაიკრძალა წმინდა იოანე ღვთისმეტყველის მიერ, ხოლო ბიზანტიის იმპერატორ ლეონ ბრძენის მიერ მისი სხეული გადმოსვენებულ იქნა კონსტანტინოპოლში. მარიამ მაგდალინელის მარჯვენა ხელის მტევანი დღეს დაცულია ათონის მთაზე, სიმონა პეტრას მონასტერში, სადაც მომლოცველებს აქვთ საშუალება მიეახლონ და თაყვანისცენ მას. საკვირველია ის, რომ ღირსი დედის წმინდა ნაწილს ცოცხალი ადამიანის სხეულის ტემპერატურა აქვს შენარჩულებული.
წმინდა მამები ხშირად ამახვილებენ ყურადღებას მენელსაცხებლე დედათა სიმამაცესა და ერთგულებაზე. მაშინ, როდესაც მოციქულები იუდეველთა შიშის გამო იმალებოდნენ, ქალებმა გაბედულად გამოავლინეს სიყვარული და ერთგულება. ისინი თან ახლდნენ მაცხოვარს არა მხოლოდ მისი დიდების ჟამს, არამედ - ტანჯვისასაც. მათი მაგალითი გვასწავლის, რომ რწმენა მხოლოდ ლიტონ სიტყვებში არ უნდა გამოიხატებოდეს, არამედ მეტადრე საქმით უნდა იქნას განმტკიცებული და დადასტურებული.
თანამედროვე ქრისტიანისათვის მენელსაცხებლე დედათა მაგალითი კვლავაც აქტუალურია. ისინი გვასწავლიან, რომ ჭეშმარიტი რწმენა ვლინდება სირთულეებში, მაშინ, როცა ადამიანი არ ტოვებს ღმერთს, არამედ უფრო მეტად უახლოვდება მას. დედათა ცხოვრება ნათლად გვიჩვენებს, რომ სიყვარული, რომელიც ქრისტესადმი გაგვაჩნია, უნდა იყოს ქმედითი, ნებისმიერ შიშზე აღმატებული.
ამგვარად, მენელსაცხებლე დედები არამხოლოდ ისტორიული ფიგურები არიან, არამედ ცოცხალი მაგალითი ქრისტიანული ცხოვრებისა. ისინი გვაფიქრებენ საკუთარ რწმენასა და ერთგულებაზე, ვართ თუ არა მზად დავრჩეთ ქრისტესთან არამხოლოდ დიდების, არამედ ტანჯვის ჟამსაც.