ილორის წმინდა გიორგის ტაძარი – სიწმინდის გაგრძელება დედაქალაქში

2825
06 ოქტომბერი 2025 10:09
50
წმინდა ილორის ეკლესია თბილისში. ფოტო: СПЖ წმინდა ილორის ეკლესია თბილისში. ფოტო: СПЖ

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ესტუმრა ზურაბ ჩიქოვანს, რომლის ინიციატივითაც თბილისში ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი აშენდა.

ილორის წმინდა გიორგის ეკლესია XI საუკუნის უნიკალური ძეგლია, რომელიც ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ილორში მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში ეს ტაძარი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სიწმინდედ ითვლებოდა საქართველოსთვის. მისი არქიტექტურა, უძველესი ქართული წარწერები და ილორთან დაკავშირებული სასწაულებრივი ისტორიები ტაძარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს როგორც სულიერად, ისე კულტურულად.

დღეს, როდესაც აფხაზეთი ოკუპირებულია და მრავალი მორწმუნე ვერ ახერხებს იქ სიარულს, ილორის წმინდა გიორგის სახელი უკვე თბილისშიც განაგრძობს სიცოცხლეს. დედაქალაქში ამავე სახელობის ტაძარი აიგო იმ მიწაზე, რომელიც ბატონმა ზურაბ ჩიქოვანმა უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს საპატრიარქოს. სწორედ ამ ქველმოქმედების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომ თბილისში აღმართულიყო ახალი სიწმინდე – ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც დღეს მრავალი ქრისტიანისთვის სულიერი სიმშვიდისა და ლოცვის ადგილი გახდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი ბატონ ზურაბ ჩიქოვანს სახლში ესტუმრა, რათა მისგან პირადად მოესმინათ ის ემოციური და ისტორიული ამბავი, რომელმაც თბილისს ილორის წმინდა გიორგის ტაძარი შესძინა.

  1.  რა დატვირთვა აქვს თქვენთვის ილორის წმინდა გიორგის, როგორც ტაძრის ინიციატორს?
    „ჩემთვის კიარა მთელი საქრისტიანოსთვის აქვს ილორს დატვირთვა, აქ მთელი მეკა იყო. ოჩამჩირეში ჩამოდიოდნენ მთელი ქვეყნიდან მართლმადიდებლები. დღეს ვინაიდან ჩვენი დევნილი მოსახლეობა ვერ მიდის იქ, ერთ დღეს ჩემს ორ მეგობართან ერთად ილორზე ვისაუბრე და გადავწყვიტეთ, აქ მეტოქიონი აგვეშენებინა. პატრიაქრმმა მიგვიღო და როდესაც ვუთხარით მიზეზი მისვლისა, გაუბრწყინდა თვალები და გვკითხა სად აპირებთო აშენებას. მე წარვდექი მის წინაშე და ავუხსენი ყველაფერი, ვუთხარი რომ მის კურთხევას ველოდებოდით და იმ წამსვე მითხრა რომ ნაკურთხიაო. მე მქონდა საკუთრივ 1337 კვადრატი მიწა და მეზობლად გაიღეს კიდევ მიწა და ასე დავიწყეთ აშენება. ჩემი გარდაცვლილი შვილის კახა ჩიქოვანის სახელით შევწირე ქართულ საპატრიარქოს ეს მიწა ილორის ასაშენებლად. ილორის წმინდა გიორგის ეკლესია აერთიანებს ოთხი წმინდანის სახელს: წმინდა გიორგის, წმინდა ნიკლოლოზის, წმინდა ნინოსი და წმინდა ამბროსი ხელაიას. წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან გავასვენე ჩემი შვილიშვილი ნიკუშა, ხოლო ოთხნახევარი წლის წინ კორონა ვირუსმა წამართვა მეუღლე, რომელიც ილორის წმინა გიორგის სახელობის ტაძრიდან გავასვენე, შემდეგ ამას მოყვა ჩემი დის შვილის შვილის ნიკოლოზ ემხვარის გარდაცვალება საოცარი მხატვრის. ეს სამი ტკივილი გავასვენე ილორის ტაძრიდან.“
  2.  როგორი იყო ემოცია როდესაც პირველად ამ ტაძარში დაესწარით ღვთისმსახურებას?
    „სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, გეტყვით რომ სანამ ილორის წმინდა გიორგის თავზე ბრიჯაოს ჯვარს დაადგავდნენ ბოლოს მე ვემთხვიე მას და აწიეს, აწი იმ ჯვარს ღმერთის გარდა ვეღარავინ ემთხვევა. ეს ემოცია შეიძლება შედარდეს შვილის, შვილიშვილის დაბადებასთან, ეს ხომ უზენაესია.“
  3.  ხომ არ გეგმავთ მომავალში სხვა მსგავსი საქველმოქმედო პროექტების განხორციელებას?
    „მე 80 წლისა ვარ, ერთხელ ვიხუმრე რომ იციან თქმა ,,ახალგაზრდებმა 100 წელი იცოცხლეთო,“ ბაბუა გამახსენდა რომელიც თავის შვილს ეუბნებოდა ,,100 წელი იცოცხლეო,“ ის ეუბნებოდა ,,ვინ გკითხავს ალეკო ჩიქოვანო, რომელი იესო ქრისტე შენ მყავხარ რომ მიწესებ რამდენხანს ვიცხობვრო, იქნებ მე მეტიმინდა ვიცოცხლო.“ ეს გამახსენდა და ვიხუმრე, ვინც პირველად მითხრა რომ 100 წელი იცოცხლეო და პასუხად ვუთხარი ,,ამ ბოლო დროს რაღაც უცნაორობა დამჩემდა, ავიჩემე ყვავი რომელზეც ამბობენ რომ 300 წელი ცოცხლობსო, მაგრამ ჩემი ვარაუდით 200 წელი ცოცხლობს, ამიტომ დავიჭირე ყვავი დავუმაგრე ჩიპი და ყოველ დღე ვაკვირდები სად არის, ახლა მისი ადგილმდებარეობა ნიკარაგუაშია. 200 წლის შემდეგ დაგირეკავ და გეტყვი რომ ჩემი ვარაუდი გამართლდა,“ სუყველა გაშეშდა სუყველა რადგან სერიოზული სახით ვამბობდი მაგრამ შემდეგ რათქმაუნდა ვუთხარი რომ ვხუმრობდი.“

,,მინდა ცოტა საქართველოს პატრიარქზე მოგახსენოთ. არაერთხელ ვყოფილვარ მასთან, საოცარი სითბო გადმოდის მისგან. ერთხელ გავკადნიერდი და ლექსი დავუწერე, მაშინ გაზეთი ,,რეზონანსი“ იყო იქ გამოვაქვეყნე და მივუტანე პატრიარქს, როცა დახედა და სათაური წაიკითხა გადადო და მკითხა ზეპირად თუ იციო, რათქმაუნდა კი თქო ვუთხარი, თუმცა ერთ ადგილას მეშლებოდა და ღმერთს შევევდრე, რომ დღეს იმ დღეს არ შემშლოდა, როდესაც წავუკითხე რამდენიმე წუთი თავი არ აუწევია, ბოლოს აწია და მითხრა: ,,კარგი ლექსია, მაგრამ რთული ლექსია,“ მა კი ვუთხარი: ,,როგორც რთლი ეპოქა რომელსაც თქვენ ასე ბრძნულად მოძღვრავთ,“ გაებადრა სახე და გადამეხვია.“


ზურაბ ჩიქოვანის ქველმოქმედებამ არამარტო ახალი ტაძარი აჩუქა თბილისს, არამედ განამტკიცა ილორის სიწმინდის იდეა – რწმენა, რომელიც არც ოკუპაციამ, არც ტკივილმა, არც დროის სვლამ ვერ წაშალა. ილორის წმინდა გიორგის ტაძარი დღესაც სულიერი ნუგეშის და ერთობის სივრცედ რჩება მრავალი ქართველისთვის.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ