ახალგაზრდობის ცენტრსა და „მშვიდობის ელჩს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
თანამშრომლობა ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო, კულტურული და შემოქმედებითი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს — მემორანდუმის გაფორმებას ღონისძიება „აფხაზეთი საქართველოა“ მოჰყვა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრსა და ა(ა)იპ „მშვიდობის ელჩს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია ახალგაზრდების საგანმანათლებლო, კულტურული და შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარება, ეროვნული ცნობიერების გაძლიერება და აფხაზეთის თემატიკაზე ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები ერთობლივ ღონისძიებებს, პროექტებსა და შეხვედრებს განახორციელებენ. თანამშრომლობა მოიცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ სკოლებთან, უმაღლეს და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთობლივ საქმიანობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას.
მემორანდუმის გაფორმების შემდეგ კულტურული ღონისძიება „აფხაზეთი საქართველოა“ გაიმართა, რომელიც ნანა გოგიასა და ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ერთობლივი ორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები. მათ თემატური კონფერენცია წარმოადგინეს და საეკლესიო საგალობლები შეასრულეს. გუნდს ხელმძღვანელობდა პედაგოგი და სამეუფეო ტაძრის რეგენტი ნიკოლოზ ლატარია.
მონაწილეთა შორის იყო აფხაზეთის №1 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლე საბა შონია, რომელმაც რამდენიმე კლასიკური მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა და აფხაზეთის თემაზე ლექსი თეატრალიზებული ფორმით წარმოადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი, „მშვიდობის ელჩის“ დამფუძნებელი მაკა ცაბუტაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი ნათია ფეიქრიშვილი, ეპარქიის სასულიერო პირები, მათ შორის დეკანოზები მალხაზ ჭანტურია და გაბრიელ გულორდავა, სკოლა-გიმნაზიის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო ორგანიზაცია „ქუჯის“ დამფუძნებელი ნანა კვაშილევა, პედაგოგები, მშობლები და ახალგაზრდები.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა შეხვედრა შეაფასეს და მასპინძელ ცენტრს მადლობა გადაუხადეს. ცენტრის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა სტუმრებსა და მონაწილეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა გამოთქვეს სურვილი, თანამშრომლობა მრავალწლიანი ყოფილიყო და ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო და კულტურული შესაძლებლობები შეექმნა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.
