ეკლესია 8 ოქტომბერს წმინდა არსენ დიდის, კათოლიკოსის ხსენებას აღნიშნავს
წმინდა გრიგოლ ხანძთელის აღზრდილი მღვდელმთავარი ქართლის ეკლესიას 27 წლის განმავლობაში განაგებდა და მნიშვნელოვანი ჰაგიოგრაფიული და ისტორიული მემკვიდრეობა დატოვა.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 8 ოქტომბერს წმინდა არსენ დიდს, ქართლის კათოლიკოსს, მოიხსენიებს.
წმინდა არსენი დაახლოებით 820 წელს, სამცხის გავლენიანი დიდებულის, მირიანის ოჯახში დაიბადა. ექვსი წლის ასაკში მშობლებმა იგი აღსაზრდელად წმინდა გრიგოლ ხანძთელის თანამოსაგრეებს — თეოდორესა და ქრისტეფორეს — მიაბარეს. მოგვიანებით ღირსმა გრიგოლმა არსენი და მომავალი აწყურის ეპისკოპოსი, ეფრემი, ხანძთის მონასტერში მიიყვანა.
მიუხედავად იმისა, რომ სამონასტრო წესდება ყრმების მიღებას კრძალავდა, წმინდა გრიგოლმა საძმოს განუმარტა, რომ ეს გამონაკლისი ღვთის ნებას შეესაბამებოდა. არსენი მონასტერში აღიზარდა და სულიერი ცხოვრების საფუძვლები ღირსი მამის ხელმძღვანელობით შეითვისა.
არსენის კათოლიკოსად დადგინებას საეკლესიო წრეებში უთანხმოება მოჰყვა. მამამისმა, მირიანმა, რამდენიმე ეპისკოპოსისა და სამცხის ერისკაცთა მხარდაჭერით, იგი საეკლესიო კრებასთან შეუთანხმებლად დაადგინა. საკითხის განსახილველად ჯავახეთში კრება გაიმართა, რომელსაც ეფრემ მაწყვერელი თავმჯდომარეობდა.
კრებაზე წმინდა გრიგოლ ხანძთელმა არსენის კათოლიკოსად დარჩენას დაუჭირა მხარი. მან განმარტა, რომ არსენი თავისი სულიერი ღირსებით ამ მსახურებისთვის მზად იყო, თუმცა მამამისმა ნაჩქარევი მოქმედებით საეკლესიო წესრიგი დაარღვია. ღირსი გრიგოლის სიტყვამ დაპირისპირება ჩააცხრო და ეფრემსა და არსენს შორის ძმური სიყვარული აღადგინა.
კათოლიკოსმა არსენმა ხანძთის ძველი ეკლესია აკურთხა. იგი ღვთივსათნო ცხოვრებითა და ქრისტესმიერი სიყვარულით გამოირჩეოდა და ქართლის ეკლესიის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
წმინდა არსენი ასევე ცნობილია როგორც ჰაგიოგრაფი და ისტორიკოსი. მას ეკუთვნის ისტორიულ-პოლემიკური თხზულება „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“, რომელიც ქართულ და სომხურ ეკლესიებს შორის განხეთქილების ისტორიას გადმოსცემს. მასვე მიაკუთვნებენ „აბიბოს ნეკრესელის ცხოვრებასა და წამებას“.
წმინდა არსენი ქართლის ეკლესიას 27 წლის განმავლობაში განაგებდა. იგი 887 წელს გარდაიცვალა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მართლმადიდებელი ეკლესია 20 თებერვალს წმინდა კეთილმსახურ მეფე სოლომონ II-ს მოიხსენებს.