ობუჯში ლეო ქიაჩელის შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა
პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენელი, დეკანოზი ბასილ კაცია დაესწრო.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში, ქართველი კლასიკოსი მწერლის, ლეო ქიაჩელის ცხოვრებისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ინფორმაციით, ღონისძიებას მუნიციპალიტეტის განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ.
საღამოს დაწყებამდე, ობუჯის მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში, ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ბასილ კაციამ, ლეო ქიაჩელის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.
შემდეგ მონაწილეებმა მუზეუმი დაათვალიერეს და ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ შეხვედრაზე მწერლის ბიოგრაფიის, შემოქმედებისა და ქართული ლიტერატურის განვითარებაში მისი წვლილის შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ობუჯის ბიბლიოთეკის განვითარების, წიგნიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში კითხვის კულტურის ხელშეწყობის საკითხებზეც.
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, დეკანოზი ბასილ კაცია ღონისძიებას ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის სახელით, საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრო. მან ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა, წარმატებები უსურვა და დალოცა ისინი.
საღამო მუსიკალურად გააფორმა კულტურის ცენტრთან არსებულმა ქალთა ანსამბლმა „მაფშალიამ“, რომელმაც მეგრული სიმღერები შეასრულა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მეუფე გერასიმემ წმინდა გიორგის სკოლა-გიმნაზიის წარჩინებული კურსდამთავრებულები დალოცა.
