რუსთაველის გამზირზე შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს
აღმოჩენილი არტეფაქტები, ძირითადად, X–XII საუკუნეებით თარიღდება და მათი კვლევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაგრძელდება.
კულტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ კიკნაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გამოვლენილ არქეოლოგიურ მასალას ადგილზე გაეცნენ.
მიხეილ კიკნაძის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ფენებისა და არტეფაქტების კვლევის პროცესში კულტურის სამინისტროს შესაბამისი უწყებები არიან ჩართული. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ საკითხზე თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობს.
„აღნიშნულ ტერიტორიაზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იქნება გადატანილი, სადაც მისი მეცნიერული კვლევა გაგრძელდება, შემდგომში კი, ამ ექსპონატებს ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში ვიხილავთ“, – განაცხადა მიხეილ კიკნაძემ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიურ სამუშაოებს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგი მერაბ ძნელაძე ხელმძღვანელობს. გათხრებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებიც მონაწილეობენ.
წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ძირითადად X–XII საუკუნეებით თარიღდება. სპეციალისტების შეფასებით, მასალები მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა შუა საუკუნეების თბილისის ისტორიისა და ქალაქის განვითარების შესახებ.
რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას არქეოლოგიური ფენის გამოვლენისთანავე, შესაბამის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც ტერიტორიაზე შესაბამისი კვლევა და არქეოლოგიური გათხრები დაიწყო.
აღმოჩენილი მასალის მეცნიერული შესწავლის დასრულების შემდეგ, არტეფაქტების ეროვნული მუზეუმის საგამოფენო სივრცეებში წარმოდგენაა დაგეგმილი.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს.