იგეგმება მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის სრული რეაბილიტაცია

დღეს 16:34
10
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია. ფოტო: შიდა ქართლის მხარე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესია. ფოტო: შიდა ქართლის მხარე

პროექტი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის კონსტრუქციულ გამაგრებას, ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრასა და კომპლექსის სამრეკლოსა და გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეტეხში მდებარე ღვთისმშობლის ეკლესიის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ტაძარს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს.

ტაძრის არსებული მდგომარეობის შეფასებისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების პროცესის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თეა ონიანი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი იაკობი (გეჯაძე). ვიზიტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საპროექტო დოკუმენტაციაზე მომუშავე კომპანიის წარმომადგენლებიც.

ამ თემაზე კულტურის მინისტრი ალავერდის სამონასტრო კომპლექსს ეწვია
მინისტრმა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია 2024 წლის 25 ივნისს სტიქიის შედეგად სამონასტრო კომპლექსზე მიყენებული მძიმე დაზიანებების, ასევე, განხორციელებული და დაგეგმილი აღდგენითი სამუშაოების შესახებ.

დაგეგმილი სამუშაოები ტაძრის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, დაზიანებული კონსტრუქციული ელემენტების აღდგენა-გამაგრებასა და ნესტით გამოწვეული დაზიანებების აღმოფხვრას ითვალისწინებს. სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო ღონისძიებების ფარგლებში დადგინდება კედლების დანესტიანების მიზეზები და წყლის ინფილტრაციის წყარო.

პროექტით გათვალისწინებულია სარინელის მოწყობა, ინტერიერში ნესტით დაზიანებული აფრების, გუმბათის ყელისა და საყრდენი თაღების გამოშრობა. ასევე დაგეგმილია კამარებსა და საბჯენ თაღებში წარმოქმნილი ბზარების ინექტირება-ამოვსება და არასტაბილური საყრდენი ბურჯების კონსტრუქციული გამაგრება.

სამუშაოების ფარგლებში დამუშავდება ინტერიერში არსებული მიკრო- და მაკრობზარები, რესტავრაცია ჩაუტარდება განცალკევებულ და განშრევებულ ქვებს, აღდგება გუმბათის საყრდენი ბურჯები და დაზიანებული ალათები. ტაძარი გაიწმინდება მცენარეული საფარისგან. რეაბილიტაცია კომპლექსის სამრეკლოსა და გალავანსაც მოიცავს.

მეტეხის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი ისტორიულ შიდა ქართლში, სოფელ მეტეხის ცენტრში მდებარეობს და სხვადასხვა პერიოდის რამდენიმე ნაგებობას აერთიანებს. გადმოცემით, ამ ადგილას ტაძრის აგება ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირდება, ხოლო კომპლექსის მთავარ არქიტექტურულ ნაგებობას XIII საუკუნეში აგებული ღვთისმშობლის ტაძარი წარმოადგენს.

საუკუნეების განმავლობაში განხორციელებული არაერთი ჩარევის შედეგად, ძეგლმა დღემდე მნიშვნელოვნად შეცვლილი სახით მოაღწია.

მართლმადეიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისში წმინდა ნინოს ეკლესიის რეაბილიტაცია იგეგმება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ