მიხეილ ყაველაშვილი ზემო აჭარაში ახალნათელღებულთა დალოცვას დაესწრო

დღეს 19:36
18
საქართველოს პატრიარქი შიო lll და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ფოტო: მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქ გვერდი საქართველოს პატრიარქი შიო lll და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. ფოტო: მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქ გვერდი

პრეზიდენტმა საყოველთაო ნათლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზემო აჭარის სიხარული მთელი საქართველოს საერთო ზეიმი იყო.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 25 ოქტომბერს ზემო აჭარაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ის მიერ ახალნათელღებულთა დალოცვის ცერემონიას დაესწრო. პრეზიდენტმა საყოველთაო ნათლობა ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენად შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი მასშტაბის ნათლობა საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში არ ჩატარებულა.

„ეს დღე ჩვენი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა — ასეთი მასშტაბის საყოველთაო ნათლობა საქართველოში მრავალი წელია არ ჩატარებულა“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა ზემო აჭარის ისტორიულ და სულიერ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ეს მხარე ქართული ქრისტიანული ცივილიზაციის უპირველესი კარიბჭე და სულიერი მემკვიდრეობის გამორჩეული ადგილი იყო, რომელმაც უმძიმესი ისტორიული განსაცდელების მიუხედავად შეინარჩუნა თვითმყოფადობა, რწმენა და სამშობლოსადმი ერთგულება.

„ის, რომ სწორედ ამ მიწაზე ქადაგებდნენ ქრისტიანობას ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, დღევანდელ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს“, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

ამ თემაზე სოფელ ხიჭაურში დაახლოებით 1200 ადამიანი მოინათლა
საყოველთაო ნათლობა შუახევში - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1 200-ზე მეტი ადამიანი გახდა.

მიხეილ ყაველაშვილმა საყოველთაო ნათლობის მნიშვნელობა საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს დაუკავშირა. მისი თქმით, ეს მოვლენა კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა სარწმუნოების ადგილს საქართველოს ეროვნულ ცნობიერებაში და მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალსაუკუნოვან წვლილს ხალხის სულიერი ერთიანობისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაში.

„ამ მემკვიდრეობის დაცვა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა“, — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

პრეზიდენტმა საქართველოს რეგიონების ტრადიციების, კულტურისა და თავისებურებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მრავალფეროვნება ქვეყნის ეროვნულ საფუძვლებს ამდიდრებდა და განამტკიცებდა.

„მჯერა, რომ ჩვენი რეგიონების მრავალფეროვანი ტრადიციები, კულტურა და ხასიათი კიდევ უფრო ამდიდრებს და განამტკიცებს ჩვენს ეროვნულ საძირკველს. ზემო აჭარის დღევანდელი სიხარული კი მთელი საქართველოს საერთო ზეიმია“, — აღნიშნა მან.

ახალნათელღებულთა დალოცვის ცერემონიას მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ამ მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენის აღსრულებისთვის მადლობა გადაუხადა და ახალნათელღებულებსა და მათ ოჯახებს მიულოცა.

„მადლობას ვუხდი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, შიო III-ს, ამ მნიშვნელოვანი სულიერი მოვლენის აღსრულებისთვის. ვულოცავ ყველა ახალნათელღებულს და მათ ოჯახებს ამ განსაკუთრებულ დღეს. ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ჩვენი ეკლესია და ქართველი ხალხი!“ — განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 25 ოქტომბერს პატრიარქი შიო III ხიჭაურში საყოველთაო ნათლობას აღასრულებს.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ