უწმინდესისა და უნეტარესის შიო III-ის ქადაგება სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას

დღეს 17:17
30
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: საზუ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: საზუ

,,ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ.''- შიო III

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგებას სულთმოფენობიდან ოცდამეერთე კვირას.

გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს!
განსაკუთრებით სასიხარულო და ამაღლებული განწყობა გვაქვს ყველას, რადგან დღეს აქ, ზემო აჭარაში ინათლება, როგორც შემატყობინეს, უკვე ათას ორასი, თითქმის ათას სამასამდე ადამიანი. ეს ნათლობა უნდა ჩავატაროთ სულ მალე, საოცარი სიხარული და მღელვარება გვაქვს. ვადიდებთ და ვმადლობთ უფალსა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს!
დღევანდელ კვირას წმინდა სახარებიდან იკითხება ამბავი უფალ იესო ქრისტეს მიერ ნაინელი ქვრივის ვაჟის მკვდრეთით აღდგინების შესახებ.
უფალი იესო ქრისტე მრავალი ადამიანის თანხლებით შედის ქალაქ ნაინში, იქიდან მოასვენებენ მიცვალებულ ჭაბუკს, ერთადერთ ვაჟს ქვრივი ქალისა, რომელიც ძალიან ტიროდა და გლოვობდა. ამ სამგლოვიარო პროცესიაში, როგორც სახარება გვაუწყებს, ძალიან ბევრი ხალხი მოდიოდა. უფალ იესო ქრისტეს შეებრალება ეს ქალი, მივა მასთან და ეტყვის: „ნუ სტირი“. შემდეგ მიდის ცხედართან და ამბობს: „შენ გეტყვი, ჭაბუკო, აღდექ!“. ეს ჭაბუკი მაშინვე წამოჯდება და იწყებს ლაპარაკს. რა თქმა უნდა, ყველა გაოგნებული და გაოცებულია, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ, რომ ღმერთმა მოხედა თავის ერს; დიდი წინასწარმეტყველი აღმდგარა ჩვენ შორისო. ეს სიტყვა მოედო მთელ იუდეას, მთელ შემოგარენს (ლკ. 7, 11-17).
ამ თემაზე პატრიარქ შიო III: „სიყვარულის და პატიების გარეშე არანაირი სამართლიანობა არ არსებობს“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ სულთმოფენობიდან მეთვრამეტე კვირას მორწმუნეებს პატიების, გულმოწყალებისა და ლოცვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
აი, ძვირფასო ძმებო და დებო, რა საოცარი ამბავია მოთხრობილი! რა ადვილია ღმერთისთვის, ადამიანის მწუხარება გადააქციოს სიხარულად. ამ ქვრივმა ქალმა დაკარგა თავისი სიბერის ერთადერთი საყრდენი და იმედი, რომელიც მას სიკვდილმა წაართვა. უფალმა მისი ტკივილი და გლოვა მხოლოდ ერთი სიტყვით გადააქცია დიდ სიხარულად.
აი, როგორი ყოვლისშემძლეა ღმერთი, როგორი მოწყალე და სახიერია ყოველი ჩვენგანისადმი!
ამიტომ ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, უნდა ვინუგეშოთ ამ სახარების წაკითხვით და გვახსოვდეს, რომ არასდროს მივეცეთ სევდას, გადამეტებულ მწუხარებას, გლოვას და ტირილს, რაგინდ გამოუვალი გვეჩვენებოდეს ჩვენი გარემოება თუ მწუხარება. უფალს შეუძლია ეს ჩვენი მწუხარება გადააქციოს დიდ სიხარულად. უნდა გვქონდეს ნდობა და სასოება უფლისა.
ყოველი ჩვენგანი ცხოვრებაში – სამსახურში, ოჯახში თუ ცხოვრებისეულ გარემოებებში – ვხვდებით სირთულეებს, მწუხარებას და ძალიან განვიცდით ამის გამო, მაგრამ უფალი გვასწავლის, რომ ნუ სტირი და ნუ მწუხარებ, არამედ მიენდე ღმერთს, ილოცე და ყველაფერი მოგვარდება. მთავარია, ამ დროს გქონდეს მტკიცე რწმენა და ეცადო, გამოასწორო შენი ცხოვრება, რადგან, თუნდაც დიდი ოჯახური განსაცდელები, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ხშირად ადამიანის ცოდვების გამო ხდება, ან ძველი დიდი ცოდვების, ან მიმდინარე ცოდვების გამო. ესეც აუცილებლად უნდა გამოასწოროს ადამიანმა. ასევე საჭიროა, სხვას გაუზიარო, არ ჩაიკეტო ამ შენს მწუხარებაში, უნდა გაუზიარო ადამიანს და მაშინ ჩვენი ლოცვა უფრო ძლიერი ხდება. როგორც ამბობს უფალი, რომ თუ ორი თქვენგანი ამ დედამიწაზე შეთანხმდება რაიმე საქმეში და ითხოვენ ღმერთისგან, მიეცემათ ეს მათ ჩვენი ზეციერი მეფისგან (მთ. 18, 19).
კიდევ რაზე ვგლოვობთ განსაკუთრებით?! როდესაც გარდაიცვლება ჩვენი ახლობელი, ხშირად უნუგეშოდ ვტირით, ძალიან გლოვობენ ადამიანები. აქაც უფალი გვეუბნება: „ნუ სტირი“. წარმოიდგინეთ, ქვრივ ქალს, რომელმაც ქმარიც და ერთადერთი შვილიც დაკარგა, ეუბნება, არ იტიროო. არ უნდა ვიტიროთ ამ შემთხვევაშიც კი, არამედ გვახსოვდეს, რომ უფალს შეუძლია, მკვდარიც აღადგინოს, მაგრამ თუ არ აღადგენს მიცვალებულს მკვდრეთით, უნდა გვახსოვდეს, რომ ესე იგი, მისი სულისთვის ასე სჯობს; მისთვის უმჯობესია, რომ იცხოვროს იმქვეყნად, სულიერ სამყაროში, ვიდრე აქ, ამ დედამიწაზე. შენთვისაც უმჯობესია, რომ მის გარეშე გადაირჩინო სული.
ამასთან, უნდა გვახსოვდეს, რომ სიკვდილი არ არსებობს. როცა ვხედავთ მომაკვდავ ადამიანს, ეს სიკვდილი ეხება მხოლოდ სხეულს, სული კი უკვდავია. ის მხოლოდ დროებით შორდება სხეულს, რადგან ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია.
გახსოვთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები?! – „არა არს ღმერთი მკვდართა, არამედ ცოცხალთა, რადგან ღვთის წინაშე ყველა ცოცხალია“ (ლკ. 20, 38).
აი, ძვირფასო, ძმებო და დებო, თუ ასეა, რომ სიკვდილი არ არსებობს და ჩვენი მიცვალებულები არ კვდებიან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს მათთან ურთიერთობაც. არაერთი შემთხვევა ყოფილა ისტორიაში, რომ მიცვალებულები გამოცხადებიან ცოცხლებს და მოუტანიათ ნუგეში, უთქვამთ რაღაც მნიშვნელოვანი, ან შერიგებიან, ან ლოცვისკენ მოუწოდებიათ. სხვადასხვაგვარი გამოცხადებები ყოფილა.
ასე რომ, ამის თქმა მინდოდა დღეს, რომ ჩვენს ყოველგვარ ცხოვრებისეულ სირთულეებში არ მივეცეთ გადამეტებულ მწუხარებას, სევდას, არ შეგვიპყროს შიშმა, სულმოკლეობამ, არამედ ყოველთვის გვქონდეს ღვთის იმედი და სასოება; და გვექნება დიდი ნუგეში – ჩვენს მწუხარებას უფალი სიხარულად გარდააქცევს; როგორც ამბობს იგი: „ნუ შეკრთება თქვენი გული (ინ. 14, 1); ამ წუთისოფელში გასაჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით, მე ვძლიე სოფელს (ინ. 16, 33); არ დაგტოვებთ ობლად, არამედ მოვალ თქვენთან (ინ. 14, 18); და მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა და უკუნითი უკუნისამდე“ (მთ. 28, 20), ამინ!
როგორც გითხარით, ჩვენთვის განსაკუთრებით ბედნიერი დღეა, რომ ვიმყოფებით ზემო აჭარაში. უკვე მეორედ მარგუნა წელს პატივი ღმერთმა, რომ აჭარაში ჩამოვსულიყავი და წირვა აღმევლინა თქვენთან ერთად.
დღეიდან კი, როცა მოვნათლავთ ამდენ ადამიანს, კიდევ სხვანაირი სიყვარული და მიჯაჭვულობა მექნება აჭარასთან, რადგან ვხდები ნათლია ამდენი ადამიანისა. მინდა, გაგიზიაროთ ეს ჩემი დიდი სიხარული და სიყვარული აჭარისადმი.
აჭარა არის განსაკუთრებული მხარე ჩვენი ქვეყნის. ეს არის განმანათლებელი საქართველოსი, საიდანაც დაიწყო ქრისტიანობა, სადაც დაფუძნდა პირველი ქრისტიანული თემები; ისეთი მარგალიტია ჩვენი ქვეყნის, რომელმაც პირველმა, თუ შეიძლება ასე ითქვას, გაუხსნა გული უფალ იესო ქრისტეს მაცხონებელ სიტყვას. აქ იქადაგეს დიდმა მოციქულებმა: წმინდა ანდრია პირველწოდებულმა, წმინდა სვიმონ კანანელმა, წმინდა მატათამ, რომლის საფლავიც აჭარაში მდებარეობს. შემდეგ უკვე, წმინდა ნინოს სამოციქულო ღვაწლით და წმინდათა – მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას ძალისხმევით, საქართველომ ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. როგორც მოგეხსენებათ, ამ დიდი მოვლენის 1700 წლისთავს აღვნიშნავთ.
აჭარა არის მრავალტანჯული კუთხე, ჩემო მეუფე, როგორც მოგეხსენება. მთელი ეს მიწა მორწყულია ერისა და ეკლესიისთვის თავდადებული ადამიანების სისხლით. აჭარელი ხალხი ყოველთვის არჩევდა მოწამეობის მიღებას ქრისტესთვის, ვიდრე ქრისტეს ღალატს და ეკლესიაზე უარის თქმას. როგორც მოგეხსენებათ, ეკლესიამ წმინდანად შერაცხა აჭარელი მოწამეები, მამები და დედები, რომლებიც აქ ეწამნენ.
ამრიგად, მიუხედავად დიდი ქარტეხილებისა, მიუხედავად იმისა, რომ მტერი ცდილობდა, მოეშორებინა აჭარა სარწმუნოებას, საქართველოს, ის მაინც ერთგული რჩებოდა და გადაარჩინა აჭარელმა ხალხმა ჩვენი დიდი სულიერი და ეროვნული ღირებულებები.
ჩვენ დიდად ვხარობთ, რომ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში დაიწყო აჭარელი ხალხის შემობრუნება ჭეშმარიტი სარწმუნოებისკენ. მოგეხსენებათ, ამაში დიდი წვლილი მიუძღვის, განსაკუთრებულია დამსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისა, რომელიც, როგორც იცით, ჯერ თვითონ მღვდელმთავარი იყო აქ, შემდეგ, პატრიარქობის პერიოდში არაერთხელ ჩამობრძანებულა და ასეთივე საყოველთაო ნათლობა შეუსრულებია.
ვხარობთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, რომ მისი უწმინდესობის დაწყებული ეს საქმე ზემო აჭარაში გრძელდება თქვენი მეთაურობითა და ლოცვა-კურთხევით; თქვენ უკვე თითქმის 20 წელია აქ მღვდელმთავარი ბრძანდებით.
მინდა, აღვნიშნო თქვენი დიდი ერთგულება, მოშურნეობა და მადლობა გითხრათ ამ დიდი სიყვარულისთვის, იმ კეთილი ნაყოფებისთვის, იმ კეთილი საქმეებისთვის, რასაც ვხედავთ სხალთის ეპარქიაში. განსაკუთრებით, მინდა, აღვნიშნო თქვენი საგანმანათლებლო მსახურება და მოღვაწეობა. ამის ნათელი დასტურია წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი, რომლის სივრცეშიც ვიმყოფებით. აქ გრძელდება ის დიდი ტრადიციები, რომლებიც ჰქონდა წმინდა ტბელ აბუსერისძეს, ის აქედან იყო წარმოშობით. აქ დღესაც საშუალება ეძლევათ ახალგაზრდებს, რომ კარგი განათლება მიიღონ და ეზიარონ იმ სულიერ ღირებულებებს, რომლებზედაც დაფუძნებულია მთელი ჩვენი ერის ცხოვრება და აზროვნება. ამისთვის, მინდა, ძვირფასო მეუფე, დიდი მადლობა გითხრათ და ნიშნად ჩვენი სიყვარულისა, პატივისცემისა და ძმური ურთიერთობებისა გადმოგცეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის პანაღია. ის ყოფილიყოს თქვენი და თქვენი ეპარქიის მფარველი და მეოხი.
მინდა, ასევე თქვენთან ერთად დიდი მადლობა გადავუხადო თქვენი ეპარქიის სამღვდელოებას, სამონაზვნო დასს, მრევლს, ვინც თქვენთან ერთად იღვწის ამ ეპარქიაში სულიერებისა და განათლების გაძლიერებისთვის და დავლოცო ყველა დიდი სიყვარულითა და სიხარულით.
დღეს ასევე ვაჯილდოებთ ამ ეპარქიის სამღვდელოებას, რომელთაც გადაეცემათ საიუბილეო სამღვდელო ჯვრები.
კიდევ ერთხელ გლოცავთ ყველას. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
ღმერთმა დალოცოს აჭარა, ღმერთმა დალოცოს სხალთის ეპარქია, ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი. დედა ღვთისმშობლის ლოცვითა და მეოხებით, ღმერთმა დალოცოს, გადაარჩინოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო, ამინ!
მართლაც, საოცარი სიყვარული გამოხატეს აჭარლებმა, როდესაც ვიყავი ბათუმში სულ ცოტა ხნის წინ. აქაც იგრძნობა დიდი სიყვარული და სითბო. გაგახაროთ ღმერთმა ყველა.
მეუფე, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, შესანიშნავი საჩუქრისა და იმ თქვენი მოღვაწეობისთვის, საქმიანობისთვის, რასაც აკეთებთ აჭარაში სულიერების აღორძინებისა და ეკლესიის გაძლიერებისთვის.
გაგახაროთ და დაგლოცოთ ღმერთმა!
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ