შალვა პაპუაშვილი: „ეს ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას“
პარლამენტის თავმჯდომარე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მისი მონაწილეები ეკლესიის წინააღმდეგ მოქმედებასა და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში დაადანაშაულა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელთან დაკავშირებით 25 ოქტომბერს გამართული საპროტესტო აქცია შეაფასა. კომენტარში მან განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ის აკრიტიკებდა, ეკლესიას თავს ესხმოდნენ.
„ეს არის ანტიქართული წარმონაქმნი, რასაც ჩვენ ვუყურებთ. მათთვის ეროვნული ინტერესი მეჩვიდმეტეხარისხოვანია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა თავს ესხმის საქართველოს ეკლესიას“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხებს დაუკავშირა. მისი შეფასებით, მის მიერ გაკრიტიკებული ძალები ბრიუსელის მითითებების უპირობოდ შესრულებას მოითხოვდნენ.
„ვხედავთ, რომ ეს ფსევდორელიგიური სექტა გვეუბნება, რომ ცალ ფეხზე უნდა დავუდგეთ ბრიუსელს და რასაც გვეტყვიან, ყველაფერი უნდა შევასრულოთ. ეს ფსევდორელიგიური სექტა ამბობს, რომ აფხაზეთი და ცხინვალი არის ჩვენი ტრავმა, რომელიც უნდა მოვიცილოთ“, — აღნიშნა მან.
შალვა პაპუაშვილმა ასევე ისაუბრა ხელისუფლების წინააღმდეგ სხვადასხვა ჯგუფის მონაწილეობით განხორციელებულ ქმედებებზე, რომლებიც „რევოლუციის“ მცდელობებად შეაფასა. მისი განცხადებით, ამ მცდელობებმა შედეგი ვერ გამოიღო.
„ტყუილად ცდილობენ, რომ მოძებნონ რაღაც პარალელები. ჩვენთან ყველაფერი ცადეს — ჟურნალისტების რევოლუცია, ენჯეოების რევოლუცია, სცადეს პარტიების რევოლუცია — არ გამოუვიდათ. ბოლოს ლამის უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებისა და ელჩების რევოლუცია სცადეს და ესეც არ გამოუვიდათ“, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პაპუაშვილი: ზემო აჭარაში სამჯერ მეტი ადამიანი მოინათლა ვიდრე აქციაზე გამოვიდა.
