ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს
პატრიარქმა შიო III-მ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მიიღო და საიუბილეო მონეტების კონცეფციას გაეცნო.
29 მაისს, საქართველოს საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა მიიღო.
შეხვედრაზე ნათია თურნავამ მის უწმინდესობას გააცნო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საკოლექციო მონეტების კონცეფცია და შინაარსი. აღინიშნა, რომ მონეტების დიზაინზე საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს საპატრიარქო ერთობლივად იმუშავებენ.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საიუბილეო ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტების გამოშვების გადაწყვეტილება მიიღო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლისთავის აღსანიშნავად შექმნილი სპეციალური კომისიის წინადადების საფუძველზე. კომისია დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებით.
სპეციალური კომისიის თანათავმჯდომარეები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.
საიუბილეო მონეტების გამოშვება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და ქვეყნის ქრისტიანული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თბილისის მფარველად ითვლება დავით გარეჯელი, - დეკანოზი ლევან ტუძილაძე.