ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მშენებარე ცენტრი „ბეთლემი“ მოინახულა
11 500 კვადრატულ მეტრზე განთავსებული სოციალური და საგანმანათლებლო სივრცე სხვადასხვა ასაკისა და საჭიროების მქონე ადამიანებს მოემსახურება.
ამა წლის 20 აგვისტოს, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ ბათუმში მშენებარე საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი „ბეთლემი“ მოინახულა და მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ცენტრის საერთო ფართობი 11 500 კვადრატულ მეტრს შეადგენს. პროექტი მრავალფუნქციური სოციალური და საგანმანათლებლო სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც სხვადასხვა თაობისა და საჭიროების მქონე ადამიანებისთვის იქნება განკუთვნილი.
პროექტის ფარგლებში მოეწყობა ხანდაზმულთა და შშმ პირთა თავშესაფარი, რომელიც 150 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი და მათ 24-საათიან მომსახურებას შესთავაზებს. ასევე, ფუნქციონირებას დაიწყებს ხანდაზმულთა დღის ცენტრი, რომელიც 100 ბენეფიციარს მოემსახურება.
ცენტრში განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ბავშვებსაც — სკოლამდელი აღზრდის ცენტრი 150 ბავშვზე იქნება გათვლილი და მასში ინკლუზიური სწავლების ჯგუფიც იმუშავებს.
საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრ „ბეთლემის“ მშენებლობას სამშენებლო კომპანია Gumbati (გუმბათი) დააფინანსებს.
„ბეთლემის“ პროექტის განხორციელება ბათუმში მნიშვნელოვანი სოციალური და საგანმანათლებლო სივრცის შექმნას შეუწყობს ხელს, რომელიც საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისთვის მხარდაჭერისა და განვითარების შესაძლებლობებს გააერთიანებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმ. მატათას სახელობის გიმნაზიის განვითარების ხედვა წარადგინა.