საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს შეხვდა

დღეს 16:21
45
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში. ფოტო: sazu საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში. ფოტო: sazu

ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს საზეიმო ლიტურგიაში, მოილოცეს დონის მონასტერი და გარდაცვლილთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდები გადაიხადეს.

19 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია მოსკოვში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობა მიიღო მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი) და პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

20 ნოემბერს, პატრიარქ კირილეს დაბადების დღეს, საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრებმა, ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებთან ერთად, მოსკოვის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში აღვლენილ საზეიმო საღვთო ლიტურგიაში მიიღეს მონაწილეობა.

21 ნოემბერს ქართველმა მღვდელმთავრებმა მოილოცეს მოსკოვის დონის სტავროპიგიული მამათა მონასტერი და იქ განსვენებულ ქართველ მეფეთა, დედოფალთა და უფლისწულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

ამავე დღეს მოსკოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრებმა პანაშვიდი აღავლინეს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა სულების საოხად.

ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი იყო საქართველოს ეკლესიის დელეგაციის შეხვედრა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესთან. შეხვედრა 21 ნოემბრის საღამოს მოსკოვის დანილოვის (წმინდა დანიელ მესვეტის სახელობის) სტავროპიგიული მამათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარე საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტი პატრიარქ კირილეს საიუბილეო ღონისძიებებში მონაწილეობას, ლოცვით მსახურებებსა და ორ ეკლესიას შორის ურთიერთობის ფარგლებში გამართულ შეხვედრას მოიცავდა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ რუსეთის პატრიარქ კირილეს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოსკოვში ქართული დელეგაცია ჩავიდა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ