მიტროპოლიტი თეოდორე – „ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით“
ქართული დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, 21 ნოემბერს მოსკოვში, დანილოვის მონასტერში მდებარე საპატრიარქო და სინოდურ რეზიდენციაში, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილესა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის შეხვედრა გაიმართა.
ქართული დელეგაცია მოსკოვში პატრიარქ კირილეს დაბადებიდან 80 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
„ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. იმ პირის აღიარება, რომელსაც ხელდასხმა არ მიუღია, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია“, – განუცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ რუსეთის პატრიარქ კირილეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საპატრიარქო ავრცელებს.
„თქვენ იცით, რომ ჩვენ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ყოველთვის ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ კანონიკურ სამართალს. იმ პირის აღიარება, რომელსაც ხელდასხმა არ მიუღია, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და არავითარ ზეწოლას არ დავემორჩილებით. მოხარულნი ვართ, რომ თქვენც, თქვენო უწმინდესობავ, ასე მტკიცედ იცავთ მართლმადიდებლობას, და ვილოცებთ თქვენთვის“, – ციტირებს რუსეთის საპატრიარქო მიტროპოლიტ თეოდორეს სიტყვებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, რომ საქართველოს პატრიარქმა რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირები მიიღო.
