ეპისკოპოსი გიორგი თამარისში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისებული მიწის შესახებ
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადებით, ისტორიული მიწების გასხვისების გაუქმების საკითხის დასაყენებლად ხელნაწერებისა და ისტორიული დოკუმენტების შეგროვება იგეგმება.
21 ნოემბერს სოფელ თამარისში ჯვარი აღმართეს. აღნიშნული ტერიტორია, გავრცელებული ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზეა გასხვისებული.
ჯვრის აღმართვის შემდეგ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა შეკრებილებს ქადაგებით მიმართა და საქართველოს ისტორიულ-კულტურულ და სარწმუნოებრივ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მეუფე გიორგის განცხადებით, ეს მხარე საქართველოს სამხრეთის კარიბჭეს წარმოადგენს და ისტორიული მიწა-წყალია, რომელიც ქვეყნის სულიერ და ეროვნულ მემკვიდრეობასთან არის დაკავშირებული.
„მთელი იბერია და მთელი საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. იბერია მოციქულთა მიერ ნაქადაგები მიწა-წყალია, სადაც მათ იქადაგეს და დაამოწმეს ქრისტეს რჯული – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.
მისივე თქმით, საქართველო წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავს აღნიშნავს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის ისტორიულ და სარწმუნოებრივ იდენტობას.
ეპისკოპოსმა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისტორიული მიწების შენარჩუნებას განსაკუთრებული ეროვნული პასუხისმგებლობა სჭირდება.
მეუფე გიორგის განცხადებით, საკითხის გადასაჭრელად სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება იგეგმება. მისი თქმით, შეგროვდება ისტორიული ხელნაწერები და დოკუმენტები, რათა მიწის გასხვისების გაუქმების საკითხი დადგეს.
„ჩვენ თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და, რა თქმა უნდა, სამართლებრივ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ. შეგროვდება ხელნაწერები და უნდა მოხდეს ამ მიწის გასხვისების ანულირება. სტუმრად ვისაც უნდა ჩამოსვლა, მას შეუძლია, განახორციელოს ინვესტიცია ისეთ ადგილებში, სადაც ჩვენი ქართველები დასაქმდებიან“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.
მეუფე გიორგიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისტორიული მიწების გასხვისებისა და იქ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასახლების საკითხი მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.
„კიდევ ერთხელ ვამბობ: ამ მიწაზე ვერანაირი უცხოტომელი ვერ შემოადგამს ფეხს და ვერ დასახლდება აქ“, – განაცხადა მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგი ჯამდელიანმა.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირმა დაწერა:
ეპისკოპოსი გიორგი: „ჩვენი ინტერესია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა“.
