საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება მთავარანგელოზთა ხსენების დღეს

დღეს 14:40
72
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: ნინო სოზაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III. ფოტო: ნინო სოზაშვილი

„ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა წმინდა და კეთილი იყო. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, ნაწილი აუჯანყდა ღმერთს და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზების სამყარო“ — პატრიარქი შიო III.

21 ნოემბერს (ძვ. სტ. 8 ნოემბერს) მართლმადიდებელი ეკლესია მთავარანგელოზობას — წმინდა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრებას აღნიშნავს.

საქართველოს პატრიარქმა სადღესასწაულო წირვა ჩაატარა თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძარში.

უწმინდესმა და უნეტარესმა ტაძრის სამღვდელოებას გადასცა საიუბილეო სამღვდელო ჯვრები, მრევლს კი დაურიგა ჯვრები, რომლებიც აგრეთვე საგანგებოდ დამზადდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით.

უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ქადაგება მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა ხსენების დღეს

„გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცო ზეციური ძალების ხსენებას, ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს.

მოგეხსენებათ, რომ სულიერი სამყარო შედგება არა მხოლოდ ადამიანთა სულებისგან, არამედ ასევე – მთავარანგელოზების, ანგელოზების, ზეციური ძალების აურაცხელი სიმრავლისგან. ეს უხილავი სულიერი სამყარო შეიქმნა უფრო ადრე, ვიდრე ხილული ქვეყანა. წმინდა წერილი ასე იწყება: „პირველად ღმერთმა შექმნა ცა და ქვეყანა“ (დაბ. 1, 1). შემდეგ ბიბლია მოგვითხრობს ხილული სამყაროს შექმნაზე. მაშასადამე, პირველად ღმერთმა შექმნა ზეცა. სწორედ ამ სიტყვებით მიგვითითებს წმინდა წერილი ანგელოზთა უხილავი სამყაროს შექმნაზე.

ანგელოზთა სამყაროში თავიდან ყველა წმინდა და კეთილი იყო. შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, ნაწილი აუჯანყდა ღმერთს და წარმოიქმნა ბოროტი ანგელოზების სამყარო.

ამ უხილავი, ზეციური სამყაროს დანახვა და გაგება მიწიერი ადამიანისთვის ძალიან რთულია, შეუძლებელია, მაგრამ წმინდა წერილში გარკვეული რამ გვეხსნება ანგელოზების შესახებ. ასევე წმინდანები, წმინდა ადამიანები, მოგვითხრობენ ანგელოზთა თაობაზე. რატომ? იმიტომ, რომ, როგორც ამბობს უფალი, მათ ეს ხედვა ეძლევათ: „ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მთ. 5, 8).

აქედან ვიცით, რომ ზეციური ძალები არიან ძლიერი, კეთილი, წმინდა სულები, რომლებიც ღმერთსა და ადამიანებს ემსახურებიან. ყველა მათგანი არ არის ერთმანეთის თანასწორი. ზეციურ სამყაროში არის სამი იერარქია და ცხრა დასი. მთელი ამ ანგელოზთა დასის მხედართმთავარი და მეთაური არის მიქაელ მთავარანგელოზი, რომლისა და მთელი სხვა ზეციური უხორცო ძალების ხსენებასაც დღეს აღვასრულებთ.

ასევე ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანს ჰყავს თავისი მფარველი ანგელოზი, რომელიც იცავს მას ბოროტებისგან, მაგრამ თვითონვე განვაგდებთ ამ ჩვენს მფარველ ანგელოზს, როდესაც ვცოდავთ, ბოროტებაზე ვთანხმდებით; მაშინ ეს ანგელოზი განიცდის, ტირის და წუხს. და, პირიქით, მოვიზიდავთ მას ჩვენკენ, როცა ვიჩენთ მოშურნეობასა და სწრაფვას სიწმინდისკენ, სულიერებისკენ.

ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, ყოველი ჩვენგანის გვერდით ყოველთვის, რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, დგას ჩვენი მფარველი ანგელოზი, რომელსაც ძალიან ვუყვარვართ. როგორც გითხარით, ის ჩვენც გვემსახურება. მისი მსახურება არის თავგანწირული სიყვარულის მსახურება. ნამდვილი სიყვარული თავგანწირვის გარეშე არ არსებობს! ის ასეთი სიყვარულით გვემსახურება.

ამ სიყვარულის ძალა აქცევს მას ჩვენს დიდ მეგობრად. თანაც როგორი მეგობარი გვყავს, წარმოიდგინეთ! რა ბედნიერები ვართ! რა სიხარულია, რომ ბოროტებასთან ბრძოლაში მარტო არ ვრჩებით! ის ყოველთვის ჩვენ გვერდით არის! ეს არის მეგობარი, რომელსაც აქვს ძალა, რომლის მსგავსი სხვა ძალა დედამიწაზე არ არსებობს. ასეთი სიყვარულით გვემსახურება და გვეხმარება. თანაც მისი მსგავსი სიყვარული ჩვენ არ შეგვწევს, ისე ვუყვარვართ. ჩვენ არ შეგვწევს, მას კი ასე ძლიერ ვუყვარვართ. ასეთი ძლიერი სიხარულია ჩვენთვის.

ასე რომ, გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ დიდ სიხარულს და გისურვებთ, ეს სიხარული მუდამ თქვენთან ყოფილიყოს. ამისთვის ყოველთვის ვევედროთ წმინდა ანგელოზებს, წმინდა მთავარანგელოზებს:

წმინდა მთავარანგელოზო მიქაელ და ყოველნო ზეცისა უსხეულონო ძალნო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენთვის!

წმინდაო მფარველო ანგელოზო ჩემო, ევედრე ღმერთსა ჩემთვის!

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს!

 ამავე დროს, თქვენ იცით, დამწუხრებულია დღეს მთელი ქვეყანა. გლოვის დღეები გვაქვს ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო. დღეს განსაკუთრებით ვიხსენიებთ ყველა იმ გარდაცვლილ ადამიანს, ვევედრებით უფალს, მთავარანგელოზებს, რომ შეეწიონ მათ სულებს, ასევე ჭირისუფლებს, მათი ოჯახის წევრებსა და დაშავებულებს, რომელთაც ვუსურვებთ მალე გამოჯანმრთელებას.

✠ ძვირფასო მამა ალექსანდრე, რა თქმა უნდა, დღეს ვიხსენებთ თქვენს შესანიშნავ ვაჟს, რომლის გარდაცვალებიდან მალე ერთი წელი გავა. კიდევ ერთხელ გისამძიმრებთ. მის სულსაც ვუსურვებ ანგელოზთა შეწევნას, თქვენ კი – გაძლიერებას.

მინდა, დღეს განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო თქვენ მიმართ, თქვენი საქმიანობის, ღვაწლის მიმართ. ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთობა. ძალიან მოხარული ვარ დღეს თქვენთან ერთად მსახურებით, აქ ყოფნით, წირვით.

მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავგანწირული მსახურებისთვის ღვთის წინაშე, ეკლესიის წიაღში. თქვენ ბევრი ადამიანი მოიყვანეთ ეკლესიაში თქვენი დიდი სითბოთი, სიყვარულით, მადლიანი სიტყვით, გონიერებით. ამას, რა თქმა უნდა, ძალიან ვაფასებთ.

თქვენთან ერთად ვლოცავ ამ ტაძრის სამღვდელოებას.

ასევე მინდა, განსაკუთრებით აღვნიშნო თქვენი და თქვენი სამრევლოს საქველმოქმედო საქმიანობა. თქვენი საქველმოქმედო ორგანიზაცია „თხილის გული“ უკვე 15 წელია, ყოველდღიურად 250 ადამიანს კვებავს. ეს ძალიან დიდი საქველმოქმედო საქმეა ჩვენს ეკლესიაში, რომელსაც ასეთი დიდი თავგანწირვითა და რუდუნებით აღასრულებთ. მინდა, გისურვოთ შემდგომი წარმატებები და დიდხანს სიცოცხლე, ამ შესანიშნავ ორგანიზაციას კი – მრავალჟამიერი საქმიანობა და წარმატება.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, ნიშნად ჩვენი თქვენდამი პატივისცემისა და სიყვარულისა, საჩუქრად გადმოგცემთ ძვალზე ამოკვეთილ ჯვარს. ის ყოფილიყოს თქვენი შემწე და მფარველი.

ასევე წლევანდელ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დავამზადეთ სპეციალური საიუბილეო სამღვდელო ჯვრები. ესეც გვინდა, საჩუქრად გადმოგცეთ.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ამ ტაძრის დეკანოზი ლევან ალადაშვილი ჯილდოვდება გამშვენებული ჯვრით! აქსიოს!

ღმერთმა დაგლოცოთ! მთავარანგელოზებმა დაგლოცონ!

მთავარანგელოზ მიქაელისა და ყოველთა უხორცოთა ზეციურთა ძალთა ლოცვითა და მფარველობით ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!

ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ!“

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა: კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმარი ბატონი ტარიელ ჭანტურიას გარდაცვალების გამო.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ