დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია - ტაძარი, სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა

2824
14 მაისი 11:00
45
დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია. ფოტო: მჟკ დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია. ფოტო: მჟკ

ამჟამად ტაძრის გარე ფასადზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ტაძარი აგებულია 1884 წელს არქიტექტორი ა. ჩიჟოვის მიერ რენესანსულ-ბაროკოული სტილის გუმბათოვანი მართლმადიდებლური ეკლესია.

ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები იყო. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელსაც უუწყებია: „დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დასვენებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო.“

მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამას და თანასოფლელებს უამბო. ხატის ხილვა ყველამ მოისურვა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმა, რომელსაც იმედი მიეცა-ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალის სინათლეს დამიბრუნებსო. მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ, თუმცა ბრმა მოხუცი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაიყვანეს, მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილ მოხუცს სასოება არ დაუკარგავს. ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს „გიხაროდენ“ უგალობა და მხურვალედ შეევედრა: „ნათლის მომცემელისა ქრისტეს მშობელო ყოვლადუბიწოო დედოფალო, ნუ შეურაცხ-ჰყოფ გულითადსა ამას ვედრებასა ჩემსა და მეოხ-მეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩვენისა, რათა ნათლითა თვისითა განმანათლოს მეცა, ცოდვითა დაბნელებული ესე, და ღირს-მყოს ხილვად და თაყვანისცემად დიდებულსა ხატსა შენსა!“

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია - ტაძარი, სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა - სურათი 1

მოხუცი ბრმის ვედრება შეისმინა მოწყალე ღმერთმა და დიდუბის სანახებში მობრძანებული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად მეყვსეულად განკურნა იგი. გახარებული მოხუცი ტაძრისკენ გაემართა, რათა თაყვანი ეცა სასწაულმოქმედი ხატისთვის. ამ სასწაულმოქმედებით განდიდებული ხატის თაყვანისსაცემად მრავალმა მომლოცველმა დაიწყო დენა მთელი საქართველოდან და უცხოეთიდან.

ხატის სასწაულებრივი პოვნის ადგილას ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუსვენებიათ და თაყვანი უციათ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელმაც XIX საუკუნემდე მოაღწია (პლ. იოსელიანი). ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის განსადიდებლად ორშაბათი დღე დადგინდა. ამ დღეს წირვას მოებმის ღმრთისმშობლის საჯანმრთელო პარაკლისი.

თამარ მეფემ და დავით სოსლანმა ჯვარი დაიწერეს დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში (თბილისი) 1189 წელს.  თამარ მეფე დავით სოსლანზე თავისი მამიდის, რუსუდანის რჩევით დაქორწინდა. 

ამჟამად ტაძარში სარემონტო სამუსაოები მიმდინარეობს, თუმცა წირვა-ლოცვა განუწყვეტლივ მიმდინარეობს. 

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, 14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია - ტაძარი, სადაც თამარ მეფემ ჯვარი დაიწერა - სურათი 2
თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ