14 მაისს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს
საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მმართველი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.
14 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა კეთილმსახურ მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარ მეფე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და წარმატებულ მმართველად მიიჩნევა. მისი მეფობის ხანა ქვეყნის „ოქროს ხანად“ არის ცნობილი.
თამარი, გიორგი III-ის ასული და ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი, საქართველოს ტახტზე 1184 წელს ავიდა. მანამდე, 1179 წელს, გიორგი III-მ იგი თანამოსაყდრედ გამოაცხადა. მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში რთული პოლიტიკური ვითარება შეიქმნა, თუმცა თამარმა შეძლო სახელმწიფოს გაძლიერება და ერთიანობის შენარჩუნება.
თამარის მეფობის პერიოდში საქართველო კავკასიის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამ ეპოქაში გაიმართა შამქორისა და ბასიანის ცნობილი ბრძოლები, რომლებშიც ქართულმა ჯარმა მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა.
ისტორიული წყაროების მიხედვით, თამარი ატარებდა ტიტულს:
„მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თვითმფლობელობითა მპყრობელი“.
მეფე თამარი ეკლესიამ წმინდანად მისი კეთილმსახურებისა და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლის გამო შერაცხა. დღეს საქართველოს სხვადასხვა ტაძარში წმინდა თამარის სახელზე სადღესასწაულო ღვთისმსახურება აღევლინება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 142-ე კათოლიკოს-პატრიარქი ჰყავს.