მეუფე ზენონი: „პატრიარქის სურვილი იყო, რომ მის შემდეგ არჩევანში არავინ ჩარეულიყო“

2824
19 მარტი 17:14
39
მეუფე ზენონი იარაჯული. ფოტო: ღია წყარო მეუფე ზენონი იარაჯული. ფოტო: ღია წყარო

მთავარეპისკოპოსი იხსენებს ილია II-სთან საუბარს და ხაზს უსვამს, რომ ახალი პატრიარქი მხოლოდ მღვდელმთავრების გადაწყვეტილებით უნდა აირჩეს.

მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა წმინდა სინოდის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან ურთიერთობისა და მისი სურვილების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, პატრიარქი განსაკუთრებულად განიცდიდა მომავალს და არაერთხელ გამოხატავდა პოზიციას, რომ მისი შემდეგი არჩევის პროცესში არავინ უნდა ჩარეულიყო.

„როცა მოსაყდრის თემა იდგა, რომელი წელი იყო არ ვიცი. გუშინ მე გავიხსენე ეპიზოდი, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიან. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება!“ - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მეუფე ზენონმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ პატრიარქის არჩევა უნდა მოხდეს ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე.

„მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ აუცილებელია, რომ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოხდეს [პატრიარქის არჩევა]. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს პირველი მომენტი დგება ცხოვრებაში და... მე გუშინ განვაცხადე, და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო, პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულად თავიანთი გადაწყვეტილებით. [შესაძლო ჩარევა] არა, ხელისუფლებიდან არა. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ეს შეცდომები არ იქნება დაშვებული. როგორ წარიმართება, ვინ საიდან ჩაერევა, ხელისუფლება შეიძლება არ იყოს და რაღაც უფრო სხვა რამ“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მან ილია II განსაკუთრებული პატივით გაიხსენა და აღნიშნა მისი პიროვნული თვისებები:

„ნამდვილად იყო უიშვიათესი შინაგანი კულტურის მქონე ადამიანი, იყო ძალიან დახვეწილი პიროვნება და ადამიანებისადმი ჰქონდა განსაკუთრებული პატივისცემა, როგორც არსებებისადმი. არ იყო რადიკალი. აღნიშნავდნენ კიდეც, რომ თანამედროვე ადამიანი არისო, აი, მაშინ, თვითონაც შედარებით ახალგაზრდა ადამიანი რომ იყო. 70 წელი რომ შეუსრულდა თქვა, რომ წარმოგიდგენიათ, 70 წლის გავხდიო. ანუ იმდენად განიცდიდა გარკვეულწილად იმას, რომ ასე გავიდა დრო და ცხოვრება. ეპოქალური ადამიანი იყო, ნამდვილად. მე ვიცნობდი მას ძალიან კარგად. სხვათა შორის, ერთეულები ვიცნობდით მას. იმის საშუალება არ იყო, რომ ყოველთვის ყველას ცნობოდა. შეიძლება მასთან გაცილებით დიდხანს იყვნენ, მაგრამ დროსაც მნიშვნელობა აქვს, რა პერიოდში გიწევს ადამიანთან ყოფნა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“.

მეუფე ზენონის თქმით, პატრიარქის გარდაცვალება მისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა, რადგან ეს დღე მის დაბადების დღეს დაემთხვა:

„გუშინ დავწერე, რომ ჩემს დაბადების დღეზე გარდაიცვალა. ძალიან ვუყვარდი მე, შვილივით ვყავდი და მეუბნებოდა ხოლმე, რომ ჩემი იმედი ხარო, პატარა რომ ვიყავი, 17-18 წლის ასაკში. შემთხვევითი მაინც არაფერია ქვეყნიერებაზე, ჩემი დაბადების დღეც ერთხელ არის წელიწადში და ადამიანის გარდაცვალებაც ერთხელ ხდება და რაღაცნაირად გული მტკივნეულად დამიმძიმდა, რომ ასე მოხდა. ყოველ ჩემს დაბადების დღეს მის გარდაცვალებას... მოდი, ასე ვთქვათ, პერსონალური დახმარებაც არის ჩემთვის, რომ სულთან კავშირი რომელიც იყო, გაგრძელდება“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი ეფრემი საქართველოს პატრიარქის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ