4 ნოემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქულთასწორ ამბერკის იხსენიებს
იერაპოლის ეპისკოპოსმა ქრისტიანობის გავრცელებასა და მორწმუნეთა სულიერ განმტკიცებას მიუძღვნა ცხოვრება.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია 4 ნოემბერს წმინდა მოციქულთასწორი ამბერკის, იერაპოლის ეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედის ხსენებას აღნიშნავს.
წმინდა ამბერკი II საუკუნეში, ფრიგიის ქალაქ იერაპოლში მოღვაწეობდა. იმ პერიოდში ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა წარმართი იყო. მღვდელმთავარი მხურვალედ ლოცულობდა მათი მოქცევისთვის და დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს სარწმუნოებას.
წმინდანის ცხოვრების თანახმად, ანგელოზის მითითებით მან წარმართულ ტაძარში კერპები შემუსრა, რის გამოც კერპთმსახურთა რისხვა დაიმსახურა. მოსალოდნელი საფრთხის მიუხედავად, წმინდა ამბერკი არ დამალულა — ქალაქის მოედანზე გავიდა და შეკრებილ ხალხს უშიშრად უქადაგა. იქვე მან ლოცვით სამი ეშმაკეული ჭაბუკი განკურნა. სასწაულის მხილველმა მრავალმა ადამიანმა ქრისტე ირწმუნა და ნათლისღებისთვის მზადება დაიწყო.
მისი ცხოვრების აღწერილობაში მოთხრობილია სხვა სასწაულების შესახებაც. გადმოცემის თანახმად, ეპიდემიის დროს წმინდანის ლოცვით მიწიდან მაკურნებელმა თბილმა წყაროებმა ამოხეთქა. მოგვიანებით მღვდელმთავარი რომში მიიწვიეს, სადაც მან იმპერატორ მარკუს ავრელიუსის ასული განკურნა. წმინდა ამბერკი გაჭირვებულებზეც ზრუნავდა და იერაპოლის ღარიბი მოსახლეობისთვის დახმარების გამოყოფა ითხოვა.
მღვდელმთავრის სამქადაგებლო მოღვაწეობა იერაპოლის ფარგლებს გასცდა. იგი ქრისტიანობას ავრცელებდა სირიაში, კილიკიასა და მესოპოტამიაში, სადაც მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. სწორედ ამ დაუცხრომელი სამოციქულო ღვაწლისთვის ეწოდა მას მოციქულთასწორი.
წმინდა ამბერკი მრავალი წლის
განმავლობაში იცავდა ეკლესიას ერეტიკული სწავლებებისგან, განამტკიცებდა მორწმუნეებს, შეეწეოდა სნეულებს და სულიერად ამხნევებდა განსაცდელში მყოფ ადამიანებს. წმინდანის ცხოვრების თანახმად, მან სამოცდათორმეტი წლის ასაკში მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ციხისჯვარის წმინდა გაბრიელის სახელობის ეკლესია.
