მიტროპოლიტი ილარიონის მღვდელმთავრად კურთხევიდან 24 წელი გავიდა
ეპარქიის სამღვდელოებამ და ბერ-მონაზვნობამ გაიხსენეს, როგორ აღდგა ზემო სვანეთის ტაძრებში წირვა-ლოცვა.
3 ნოემბერს მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტ ილარიონს (ქიტიაშვილი) მღვდელმთავრად კურთხევიდან 24 წელი შეუსრულდა. საიუბილეო მიმართვაში ეპარქიის სამღვდელოებამ და ბერ-მონაზვნობამ მწყემსმთავარს მადლობა გადაუხადეს იმ წლებისთვის, როდესაც მისი წინამძღოლობით ზემო სვანეთში ათწლეულების განმავლობაში დაკეტილი ტაძრები კვლავ გაიხსნა და ღვთისმსახურება განახლდა.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ზემო სვანეთი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა. 24 წლის წინ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მესტიისა და ზემო სვანეთის დამოუკიდებელი ეპარქია ჩამოყალიბდა. მისი პირველი მღვდელმთავარი მეუფე ილარიონი გახდა.
მეუფის მსახურების დასაწყისში ათეისტური რეჟიმის ათწლეულების შემდეგ ტაძრების უმეტესობა დაკეტილი იყო და რეგულარული წირვა-ლოცვა თითქმის აღარ აღევლინებოდა. ეპარქიაში იხსენებენ, რომ რთული გეოგრაფიული პირობებისა და მატერიალური სიძნელეების მიუხედავად, ტაძრებში კვლავ გაისმა ზარების ხმა. მორწმუნეებს შესაძლებლობა მიეცათ, მოელოცათ ხატები და ჯვრები, რომლებსაც სვანეთში თაობები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ.
„თქვენ გვაზიარეთ ქრისტეს ნათელს, მიგვიყვანეთ ეკლესიასთან და მოგვმადლეთ ის, რაც ადამიანისთვის უმთავრესია ორივე სოფელში — მიწიერსა და ზეციურში“, — ნათქვამია საიუბილეო მიმართვაში.
ეპარქიამ მეუფე ილარიონის საგანმანათლებლო ღვაწლიც გაიხსენა. მისი ლოცვა-კურთხევით დაფუძნებული წმინდა ილარიონ ქართველის სახელობის მესტიის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია უკვე 15 წელია სვანეთში ახალგაზრდების განათლებასა და ქრისტიანული ღირებულებებით აღზრდას ემსახურება.
მიმართვის დასასრულს სამღვდელოებამ და ბერ-მონაზვნობამ მიტროპოლიტ ილარიონს ჯანმრთელობა, მხნეობა და დღეგრძელობა უსურვეს და მადლიერება შემდეგი სიტყვებით გამოხატეს:
„მადლიერნი ვართ უფლისა, რომ ჩვენი მწყემს
ი კეთილი თქვენ ხართ. მადლიერნი ვართ თქვენი, რომ გვაქვს პატივი, ვიყოთ თქვენი ლოცვა-კურთხევის ქვეშ“.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში საეპარქიო კრება და დელეგატთა არჩევნები გაიმართა.
