მიტროპოლიტ შიოს სიტყვა ილია II-ის პანაშვიდზე

2824
19 მარტი 14:24
40
სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ფოტო: საპატრიარქოს უწყებანი

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ პატრიარქის ღვაწლსა და სულიერ მემკვიდრეობაზე ისაუბრა.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

მიტროპოლიტმა შიომ აღნიშნა, რომ პატრიარქის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მართლმადიდებელი სამყაროსთვის და ხაზგასმით განაცხადა: „დიდია დღეს ჩვენი მწუხარება, სრულიად საქართველოს მწუხარება, მისი უწმინდესობის და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო“.

მისივე თქმით, საზოგადოებაში განსაკუთრებულად მძაფრია დანაკარგის განცდა: „არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ყველა მორწმუნე ადამიანს დღეს აქვს დაობლების შეგრძნება, იმდენად ვგრძნობდით მის მამობრივ სიყვარულს, ზრუნვას, ღვთის ძალას, რომელიც ვლინდებოდა მის მსახურებაში, რომ ვართ ნამდვილად დაობლებულები“.

მეუფე შიომ ყურადღება გაამახვილა პატრიარქის მასშტაბურ ღვაწლზე და აღნიშნა, რომ მისი გავლენა სცდებოდა ქვეყნის ფარგლებს: „მრავალი ქვეყნიდან გვწერენ სამძიმრის წერილებს და აღნიშნავენ მის ამ საოცარ მამობრივ თვისებას... ამიტომ ეს დანაკარგი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოს საქრისტიანოსთვის“.

სიტყვაში ასევე აღინიშნა მისი სულიერი ღვაწლის განსაკუთრებული მნიშვნელობა და სიმბოლური დრო, როდესაც პატრიარქი გარდაიცვალა: „არ არის შემთხვევითი, რომ მან ღვთივ განისვენა სწორედ დიდი მარხვის ჯვრის თაყვანისცემის კვირაში... ეს არის მინიშნება იმისა, რომ მისი უწმინდესობის ღვაწლი იყო ჭეშმარიტად მოწამებრივი“.

მიტროპოლიტმა შიომ ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჩაიბარა ეკლესია და რა დაუტოვა მომავალ თაობებს: „მან ჩაიბარა საქართველოს ეკლესია დამცრობილ, დაკნინებულ, დევნილ მდგომარეობაში და დაგვიტოვა ჩვენ... გაძლიერებული, აღშენებული, გამართული ეკლესია“.

მისივე თქმით, მიუხედავად დიდი მწუხარებისა, საზოგადოებას იმედი აძლიერებს: „ჩვენი გული, მწუხარებასთან ერთად, ივსება სასოებითა და იმედით, რომ უფალი მას მართალთა თანა განუსვენებს ცათა სასუფეველში“.

სიტყვის დასასრულს მიტროპოლიტმა შიომ მორწმუნეებს ერთობისა და სიყვარულისკენ მოუწოდა და აღნიშნა: „ძნელია, დღეს საქართველოსა და ეკლესიის წარმოდგენა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარეშე, მაგრამ ის ჩვენთან არის და ჩვენთან იქნება ყოველთვის. ამის გვწამს და გვჯერა“.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, არქიმანდრიტი ეფრემი საქართველოს პატრიარქის შესახებ.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ