ზედაეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამრევლო სკოლის საქმიანობაზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
შეხვედრაზე განიხილეს საგანმანათლებლო პროცესის განვითარება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის შესაძლებლობები.
ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის ზედაეწერის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეპარქიის ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრთან არსებული ტაძრის სამრევლო (საკვირაო) სკოლის საქმიანობის გაცნობას და განხილვას დაეთმო.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრის აღმასრულებელი ხელმძღვანელი გიორგი ფიფია, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი პავლე გოგოხია და დიაკონი ბათუ შულაია. მონაწილეებმა იმსჯელეს სამრევლო სკოლის საგანმანათლებლო და საორგანიზაციო საკითხებზე, ასევე არსებული საქმიანობის მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სკოლის საგანმანათლებლო მიმართულებებს, სასწავლო გარემოსა და რესურსებს. ასევე განიხილეს ბიბლიოთეკის ფუნქციონირება და საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზების საკითხები.
დისკუსიისას საუბარი შეეხო მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდის გზებს, ახალგაზრდებთან მუშაობის ფორმებსა და განათლებისა და კულტურის მიმართულებით ერთობლივი საქმიანობის გაძლიერებას.
შეხვედრის შედეგად დაიგეგმა სამომავლო აქტივობები, რომლებიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას, საგანმანათლებლო და კულტურული გარემოს განვითარებას, ასევე ეროვნული და სულიერი ღირებულებების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, პენიტენციურ დაწესებულებებში თებერვალში სულიერი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა.