პენიტენციურ დაწესებულებებში თებერვალში სულიერი და საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართა

2824
06 მარტი 18:37
44
საქართველოს საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთობლივი ძალისხმევით მსჯავრდადებულებისთვის ჩატარდა წირვა-ლოცვები, ლექცია-სემინარები და სხვადასხვა საგანმანათლებლო კურსები.

საქართველოს საპატრიარქოს, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის, მსჯავრდადებულებთან ურთიერთობის სამსახურისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლობით, 2026 წლის თებერვალში საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი სულიერი და საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში მოძღვრების ვიზიტების საერთო რაოდენობამ 402 შეადგინა. ამასთან, იმ დაწესებულებებში, სადაც მოქმედი ტაძრები ფუნქციონირებს, მიმაგრებული მოძღვრების მიერ ჩატარდა 98 წირვა-ლოცვა, 105 პარაკლისი და 35 ზეთისცხების მსახურება.

პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსჯავრდადებულთა სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებასაც. ლექცია-სემინარები და ბიბლიის შესწავლა-განხილვა ჩატარდა 13 დაწესებულებაში. ასევე მოეწყო სტუდია „გუთანის“ ფილმების ჩვენება 6 დაწესებულებაში.

მსჯავრდადებულებისთვის სხვადასხვა შემოქმედებითი და საგანმანათლებლო კურსებიც მიმდინარეობს: მედავითნეობის კურსი ხორციელდება 12 დაწესებულებაში, გალობის კურსი — 9 დაწესებულებაში, ხატწერის კურსი — 7 დაწესებულებაში, ხოლო ხეზე კვეთის სწავლება — 8 დაწესებულებაში.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით ღონისძიება გაიმართა N18 პენიტენციურ სამკურნალო დაწესებულებაში. ჩატარდა ლექცია-სემინარი დავით აღმაშენებლის ღვაწლის, მისი როლის მართლმადიდებელი ეკლესიებისა და საქართველოს წინაშე, ასევე მარხვის მნიშვნელობისა და საღვთო ლიტურგიაში მონაწილეობის შესახებ. შეხვედრამ მსჯავრდადებულთა დიდი ინტერესი გამოიწვია და კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ავადმყოფ მსჯავრდადებულებსაც. მათ საქართველოს საპატრიარქოსგან გადაეცათ სანთლები, ტკბილეული, ტანსაცმელი და ჰიგიენური საშუალებები. მათი სურვილის შესაბამისად, ინდივიდუალურად გადაეცათ ბიბლიები, საკმეველი და ნახშირი. ასევე სხვადასხვა საეკლესიო და მხატვრული ლიტერატურით შეივსო დაწესებულების ბიბლიოთეკა.

26 თებერვალს N11 არასრულწლოვანთა პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ზაფხულიდან მიმდინარეობს არაფორმალური განათლების კურსი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის ხელმძღვანელმა, ანი კუდუხაშვილმა ჩაატარა სემინარი თემაზე — „განათლების მნიშვნელობა“. შეხვედრას 57 არასრულწლოვანი დაესწრო და ისიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

N11 დაწესებულებაში მსჯავრდადებულთა აღზრდა-განვითარების პროცესში აქტიურად არის ჩართული დეკანოზი გიორგი კალანდია, რომელიც თანამშრომლობს დაწესებულების სოციალურ მუშაკებთან და ფსიქოლოგებთან. ამავე დაწესებულებაში მსახურობს მისი მეუღლე, პედაგოგი და მედავითნე ნინო მჭედლიშვილი. ისინი ყოველ კვირას ატარებენ წირვა-ლოცვას.

დეკანოზ გიორგი კალანდიას მიერ შერჩეულია ხუთი სტიქაროსანი, რომლებიც ეხმარებიან მოძღვარს და აქტიურად არიან ჩართული დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის მოვლა-პატრონობაში.

მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, თინათინ რუხაძემ თელავში ბატონის ციხის კარის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ