ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირთა გადამზადების პროცესი გრძელდება
ლექცია-სემინარი საქართველოს საპატრიარქოში – სასულიერო პირები სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების შექმნას ემზადებიან.
2025 წლის 8 დეკემბერს, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში, საქართველოს საპატრიარქოში მორიგი ლექცია-სემინარი გაიმართა, რომელიც სასულიერო პირთა პროფესიული გადამზადების პროცესის ნაწილია. გადამზადების მთავარი მიზანი საჯარო სკოლებში ღირებულებითი განათლების კლუბების შექმნაა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სასულიერო პირები ჭიათურისა და საჩხერის, ტაო-კლარჯეთის, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიებიდან. ამ ეტაპზე გადამზადებას თითოეული ეპარქიიდან სულ დაახლოებით 50 სასულიერო პირი გაივლის.
შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემ, გახსნა. სასულიერო პირმა თავის სიტყვაში ხაზგასმით აღნიშნა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობა საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის, ფორმირებაში.
ლექცია-სემინარს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური განათლების პროგრამის კონსულტანტი, მანანა ჯინჭარაძე უძღვებოდა. მონაწილეები გაეცნენ პროგრამის მიზნებს და სამომავლო სამუშაო გეგმებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ.