ღირებულებითი განათლების პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებს სერტიფიკატები გადაეცათ
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში განათლებისა და ეკლესიის თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო.
საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ღირებულებითი განათლების“ პროექტის ფარგლებში სასულიერო პირებისთვის სერტიფიკატების გადაცემის მორიგი ღონისძიება გაიმართა. სერტიფიკატები გადაეცათ იმ სასულიერო პირებს, რომლებმაც აღნიშნული პროგრამის კურსი წარმატებით გაიარეს და სხვადასხვა სკოლებში „ღირებულებითი განათლების“ კლუბები უნდა დააფუძნონ.
ამ ეტაპზე პროექტს უკვე შვიდი ეპარქია შეუერთდა: სენაკისა და ჩხოროწყუს, ზუგდიდისა და ცაიშის, სურამისა და ხაშურის, გორისა და ატენის, ვანისა და ბაღდათის, სამთავისისა და კასპის და ბოლნისის. სასულიერო პირებს შესაძლებლობა ექნებათ, სკოლის სურვილის შემთხვევაში, მოსწავლეებთან თავისუფალი ფორმატით გამართონ შემეცნებით-საგანმანათლებლო შეხვედრები.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე და მისი განხორციელების სპეციფიკაზე ისაუბრა. ასევე სიტყვით მიმართა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრე გალდავამ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასულიერო პირთა როლზე საგანმანათლებლო პროცესში.
ცერემონიას ესწრებოდნენ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მოადგილე დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, სხვა სასულიერო პირები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის არაფორმალური პროგრამის ხელმძღვანელი ანი კუდუხაშვილი, სხვადასხვა სკოლების დირექტორები და პედაგოგები.
„ღირებულებითი განათლების“ პროექტი მიზნად ისახავს სკოლებში ისეთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნას, სადაც მოსწავლეები ქრისტიანული ფასეულობებისა და საერთო ჰუმანური პრინციპების გაცნობასთან ერთად შეძლებენ თანამედროვე საკითხებზე დისკუსიებსა და გამოცდილების გაზიარებას. პროექტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უსვამენ ხაზს როგორც სასულიერო პირები, ისე პედაგოგები, რადგან ის სკოლასა და ეკლესიას შორის თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ხსნის.
ეს ინიციატივა წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას, სადაც სასულიერო პირები, მასწავლებლები და მოსწავლეები ერთად ქმნიან დიალოგსა და ცოდნის გაცვლის ახალ ფორმატს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, ჩუბინიანთკარში წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ტაძარი აკურთხეს.