გელათის მონასტერში მოზაიკისა და კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაოები გრძელდება
პროფესორ რობერტო ნარდის ხელმძღვანელობით, საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში მოზაიკისა და კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამის მორიგ ფაზას ახორციელებს.
გელათის მონასტრის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში გრძელდება საკონსერვაციო პროგრამის მორიგი ფაზა, რომლის ფარგლებში საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებიან მოზაიკის კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი რობერტო ნარდი და რომის არქეოლოგიური ცენტრის მრავალპროფილური გუნდი.
პროგრამა ორ ძირითად ეტაპად ხორციელდება: პირველ ფაზაში განხორციელდება პრევენციული კონსერვაცია, რის შემდეგაც პროფესორი ნარდი და მისი გუნდი მოამზადებენ სრულ საკონსერვაციო პროექტს. მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმების შემდეგ კი დაიწყება მეორე ფაზა — მოზაიკის კომპოზიციის სრული კონსერვაცია.
აღსანიშნავია, რომ პროფესორ ნარდისა და მისი გუნდის მიერ შემუშავებული დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავდა მდგომარეობის კვლევის ანგარიშსა და სამოქმედო პროგრამას შესაბამისი საგზაო რუკით, დადებითად შეფასდა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის მრჩეველი ორგანოების მიერ.
გელათის მოზაიკური კომპოზიციის პრევენციული კონსერვაციის პროექტი ეტაპობრივად გაგრძელდება 2026 წლის აპრილის ბოლომდე და დასრულდება მოზაიკის დამცავი/დამჭერი კონსტრუქციის დამონტაჟებით.
პარალელურად, მიმდინარეობს ტაძრის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო პროგრამა, რომელშიც ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისგან შემდგარი მულტიდისციპლინარული გუნდი მონაწილეობს. სამუშაოებს სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე ხელმძღვანელობენ.
გელათში მიმდინარე პროცესები კულტურის მინისტრის მოადგილეს, თეიმურაზ გამცემლიძესა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, ნუგზარ ჩხეიძეს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა კირიონმა და ეროვნული სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა დავით ლორთქიფანიძემ გააცნეს.
გელათის რეაბილიტაციის პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქო, ხოლო სამუშაოებს სახელმწიფოს მხარდაჭერით გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ახორციელებს.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, გამოიცა წიგნი: ახალმოწამე ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარის ცხოვრება და მოღვაწეობა.