მარხვა, რომელიც წმინდა მამებმა არ იცოდნენ
მიძინების მარხვა ინტერნეტის ეპოქაში. როგორ შევუქმნათ ტვინს „ინფორმაციული დიეტა“ და რატომ არის დღეს დუმილი ახალ ამბებზე უფრო მნიშვნელოვანი.
წლის განმავლობაში მარხვის დღეების რაოდენობა საშუალოდ 174-დან 212-მდე მერყეობს. წლის უმეტესი ნაწილი - მარხვაა. როდესაც მაცხოვარი საუბრობდა ეშმაკეულობაზე, მან თქვა: „ეს მოდგმა კი მხოლოდ ლოცვითა და მარხვით განიდევნება“ (მთ. 17:21). ჩვენ მიდრეკილები ვართ გაღიზიანებისკენ, ბრაზისკენ, სასოწარკვეთისკენ და სხვა ცოდვებისკენ - ესეც თავისებურად ეშმაკეულისაა. გამოდის, რომ ჩვენ ყოველდღიურად ვლოცულობთ, წელიწადის თითქმის ერთი მესამედი მარხვაზე ვიმყოფებით, მაგრამ სულის ამ ეშმაკეულ რეფლექსიას მაინც თავს ვერ ვაღწევთ, ესე იგი ჩვენი მარხვა და ლოცვა არ წარიმერთება ისე, როგორც საჭიროა.
დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ძალზე განსახვავდება იმ დროისგან, რომელშიც წმინდა მამები ცხოვრობდნენ და მათ ჩვენ თავიანთი შეგონებები დაგვიტოვეს.
მათ არ ჰქონდათ ის ცდუნებები, რომლებიც ჩვენ გვაქვს. ქრისტიანობის დასაბამიდან ჩვენს დრომდე არასდროს არ ყოფილა ინფორმაციის ასეთი სიუხვე. არ არსებობდა ინტერნეტი და ახალი ამბების, ვიდეო და აუდიო გასართობების უწყვეტი ნაკადი. ადამიანის ტვინი გადაიტვირთა, მოვლენები ვითარდება ელვისებური სისწრაფით. ჩვენი ცხოვრება სულ უფრო ემსგავსება იმ ექსტრემალურ ატრაქციონს, რომელზეც თავბრუდამხვევი სისწრაფით მივექანებით. ადამიანს გაჩერების დრო არ აქვს, ღმერთთან, საკუთარ თავთან განმარტოვების, თუნდაც რამდენიმე წუთით.
მარხვა ტვინისთვის
ორი კვირა არც ისე დიდი დროა. მოდით, შევეცადოთ და ამ თოთხმეტი დღის განმავლობაში ვაიძულოთ თავი და ჩვენი ტვინი ვამარხულოთ. ჩავკეტოთ ყველა საინფორმაციო წყარო და დავტოვოთ გარე სამყარო ისეთი, როგორიც ის არის. როდესაც ახალ ამბებს ვკითხულობთ, გვექმნება ილუზია, თითქოს ჩვენ სიტუაციას ვაკონტროლებთ. მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა. ჩვენი ცოდნა მოვლენების შესახებ არანაირ გავლენას არ ახდენს მათ განვითარებაზე. მაგრამ ჩვენი ტვინი შიშობს, რომ რამე არ გამორჩეს. ეს შიში რთულად დასაძლევია, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ. ორი კვირის განმავლობაში ისეთი არაფერი მოხდება, რაც ჩვენთვის შესაძლოა მოულოდნელი იყოს. სასწრაფოს და აუცილებელს ნამდვილად შევიტყობთ, ამაზე ნერვიულობა არ ღირს.
ცხოვრებისეული გამოცდილება ზედმეტი ინფორმაციის გარეშე ძალზე სასარგებლო იქნება. განსაკუთრებით მაშინ, თუ ამას მდუმარებაც ახლავს თან.
ღმერთი სიჩუმეში სუფევს. ამ სიჩუმეს არღვევს ჩვენს სულებში ხმაურით და სტვენით შემოვარდნილი ინფორმაცია.
ამის შემდეგ იწყება ორი ცხოვრებისეული გამოცდილების ერთმანეთთან შედარება:
1. რა შეგრძნებები აქვს სულს, რომელიც მიჩვეულია გარე სამყაროში ცხოვრებას და დღე-ღამეში ექვს საათზე მეტს ინტერნეტში ატარებს?
2. რას გრძნობს ადამიანი, რომელიც მთელ ამ ამაოებას განეშორა, რომ აღმოჩენილიყო სიჩუმეში, საკუთარი თავი ეპოვნა და აგრეთვე თავისი თავი ეპოვნა ღმერთში.
ვირტუალური სამყარო გახდა მორევი, რომელიც სულ უფრო ღრმად ითრევს ჩვენს გონსა და დროს. ჩვენს წინაპრებს არ ჰქონდათ ეს უძირო ხვრელი სახელად „ინტერნეტი“, რომელშიც ტვინს თავის მოთავსება ნებისმიერ დროს შეუძლია. უნდა ეცადოთ, ტვინით ისე იმარხულოთ, რომ მასში რაც შეიძლება ნაკლები აზრი გაჩნდეს, - ეს ძალზე სასარგებლო გამოცდილებაა.
მდუმარებას ღმერთამდე მივყავართ
მეუდაბნოე მამათა გამოცდილება ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც ტვინი დადუმებულია და ზრახვები აღარ გვაწუხებს, ადამიანი გულით ღმერთს მიეახლება. მთელი ცხოვრება ვუსმენთ და ვკითხულობთ სიტყვებს, მაგრამ ღმერთამდე მდუმარებას მოვყავართ. ღმერთი მხოლოდ გულისა და გონების დუმილში გვანიჭებს მადლს. მან რწმენა მოგვმადლა იმისთვის, რომ ჩვენი სული სამოთხედ გვექცია, მაგრამ მრავალმა ზრუნვამ და ამაოებამ აღმოსავლეთის ბაზარს დაამსგავსა ის.
ღმერთი ადამიანს სიტყვების გარეშე ესაუბრება. მის გასაგონად, ჩვენ უნდა შევაჩეროთ სიტყვები, დავასრულოთ უსასრულო შინაგანი მონოლოგები.
ღმერთი ჩვენს გულში დამკვიდრებული სიჩუმით გვესაუბრება, ხოლო ქვეყანა თავისი ამაოებით ჩვენი გონების ყურებში გვიყვირის.
იესოს ლოცვის ხუთ სიტყვაში ასობით აზრი მდუმარებაში იფანტება. ადამიანის გულის სიღრმეში ისეთი მდუმარება მკვიდრობს, რომ ერთადერთი აზრიც კი მასში შეიძლება ჭექა-ქუხილად აღიქმებოდეს. ამ სიჩუმეში უკვე აღარ არსებობს არც „მე“ და არც სხვები. მხოლოდ ქრისტეა, რომელიც არის სისავსე და ყოველსავეს აღავსებს.
დავტოვოთ ყველაფერი ღვთის გამო
ღმერთმა ყველაფერი ჩვენთვის შექმნა, ჩვენ კი უნდა ვისწავლოთ ღვთის გამო ყველაფრის დატოვება. შევეცადოთ ამის განხორციელება თუნდაც მხოლოდ ორკვირიანი მარხვის განმავლობაში. ნუ დავემსგავსებით საპნის ბუშტს, რომელმაც, სანამ გასკდებოდა, საკუთარ გუბეში ბევრი საინტერესო რამის ხილვა შეძლო. სამყარო ბოლო წვეთამდე ამოწურავს ყველაფერს იმისგან, ვინც შეიყვარა. ჯოჯოხეთის უფსკრულში სასოწარკვეთის გზით შედიან, ხოლო ცათა სასუფეველში - იმედისა და მშვიდობის გზით.
მიძინების მარხვა ღვთისმშობელს ეძღვნება. ჩვენთვის ის ანკარა ნაკადულია ცხოვრების უდაბნოში.
ის ჩვენი სიხარული და ჩვენი იმედია. მხოლოდ ღვთისმშობელთან მტკიცედ ხელჩაკიდებული შესაძლოა ქრისტესთან მიახლება. დაე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულმა მოგვანიჭოს სწორედ ის სიხარული, რომელსაც ვერავინ ვერ წაგვართმევს!