მინუსის პლუსად გარდაქმნა

2826
02 ივლისი 2025 20:57
12
ტაძრის გუმბათი. ფოტო: pinterest лариса батыргареева ტაძრის გუმბათი. ფოტო: pinterest лариса батыргареева

კარგის მოსმენა ხალხს არ აინტერესებს, მათ სურთ იცოდნენ, რა ხდება მსოფლიოში ცუდი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი სულიერი თვალი მართლაც დაბნელებულია, რომ ჩვენში რაღაც ისე არ არის.

 „ნათელი სხეულისთვის არის თვალი... ხოლო თუ  შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?“

ჩვენი ღრმა რწმენით, ჩვენი შინაგანი სამყარო გარე სამყაროს ამსახველია. თუ ჩვენთან, ჩვენს ნათესავებთან, ჩვენ გარშემო ყველაფერი კარგად იქნება, ჩვენში  ნათელი დაისადგურებს. და პირიქით. როდესაც ჩვენი ახლობლები ავადმყოფობენ, ჩვენ გარშემო სამყარო ინგრევა, ჩვენში წყვდიადი იმკვიდრებს. თითქოს ყველაფერი იმდენად ნათელია, რომ ამაზე ლაპარაკიც კი არ ღირს. მაგრამ სახარებაში და წმინდა მამებთან ჩვენ ვხვდებით მოსაზრებას, რომ ყველაფერი სრულიად საწინააღმდეგოდ არის. გარე სამყარო, როგორც ჩვენ მას ვხედავთ, ჩვენი შინაგანი სამყაროს ასახვაა. დამეთახმეთ, რომ საკმაოდ უცნაური მოსაზრებაა. მოდით, გავერკვეთ.

როგორ შეიძლება სამყაროს დანახვა იმ ნათელში, რომელიც ბნელშია? როგორ უნდა გვიხაროდეს, როდესაც გარშემო ადამიანთა უბედურებისა და ტანჯვის ზღვა გვარტყია? როგორ შეიძლება წყნარად და მშვიდად ვიყოთ, როდესაც ყოველი მხრიდან გასაჭირი, წუხილი  და უბედურება მოდის?

მაგალითად, ბერი სვიმეონი (უსახლკარო) ამტკიცებს, რომ სამყარო ჩვენ ირგვლივ ისეთია, როგორებიც თავად ვართ, რომ ის ჩვენი გონების ამსახველია. იგივეს ამტკიცებს ბერი ფადეი ვიტოვნიცკი. გამოდის, რომ ჩვენი შინაგანი სიბნელის პრობლემა იმაში კი არ არის, რაც გარშემო ხდება, არამედ იმაში, თუ რა ხდება ჩვენში. პრობლემა არის ჩვენ პირად დამოკიდებულებაში მოვლენების მიმართ, იმაში, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს და მასში მიმდინარე მოვლენებს.

თვითშემეცნება - სულიერო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ თავს გვერდიდან შევხედოთ. მაშინ დავინახავთ, რომ ჩვენი ტვინი რაღაც უცნაურად ყველაფერში ცუდს ეძებს. მას მოსწონს ცუდი რაღაცეების კითხვა, ცუდი ამბების გაგება, მოსმენა, როდესაც რაღაც ცუდს ყვებიან. ამიტომაც ახალი ამბების უმრავლესობა კარგს არაფერს არ შეიცავს.

კარგის მოსმენა ხალხს არ აინტერესებს, მათ სურთ იცოდნენ, რა ხდება მსოფლიოში ცუდი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი სულიერი თვალი მართლაც დაბნელებულია, რომ ჩვენში რაღაც ისე არ არის, თუ ჩვენ ამგვარი მაზოხიზმით საკუთარი გონების სიბნელეში გვსურს ცხოვრება.

თუ შევხედავთ გვერდიდან და ობიექტურად აღვნიშნავთ პლუსებით და მინუსებით ყველაფერს, რაც ჩვენ გარშემოა, შიგნით და გარეთ, დავინახავთ, რომ პლუსები გაცილებით მეტია. ბევრად უფრო მეტია სიხარულის მიზეზი, ვიდრე მწუხარებისა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ მონუსხულებივით ყველაფერში ბნელს ვეძებთ და ჩვენს სულს სიბნელით ვავსებთ.

შესაძლებელია, ვინმემ დასვას გონივრული კითხვა: „ერთი დიდი მინუსი ხომ უამრავ პლუსს  გადახაზავს ხოლმე? ნუთუ  სასიკვდილო სნეულება ან ომი, რომელიც საშინელი დამოკლეს ხმალივით არის აღმართული ყოველი სახლის თავზე, არ არის საკმარისი საბაბი იმისთვის, რომ ბნელში ვიცხოვროთ?“ მართლაც, როდესაც მოდის სიკვდილი, ომი, შიმშილი, მაშინ შეიძლება ყველა პლუსი გადავხაზოთ.

მაშინ უფრო ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ მინუსს და შევეცადოთ გავიგოთ, თუ რატომ არის ის ჩვენთვის ასეთი. პასუხი კი ძალზე მარტივი იქნება. იმიტომ რომ მინუსს თან ახლავს ტკივილი და შიში, რომელსაც განვიცდით, როგორც უსაზღვრო ტანჯვას. მაშინ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „რა აზრი აქვს ამას?“. ჩვენ ვხედავთ, რომ დედამიწაზე მცხოვრები ადამიანთა მოდგმის უსაზღვრო რაოდენობის თაობას გამოცდილი აქვს ტკივილი და შიში. ყველა ხალხს გადატანილი აქვს ომები, სნეულებები, ეპიდემიები. ყველა ადამიანი ტანჯვით იღუპებოდა რაღაცის გამო. წმინდანთა შორის არ არსებობს არც ერთი, ვისაც ეს ჯვარი არ უტვირთავს. ეს ნიშნავს, რომ ტკივილი და შიში მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანის ფორმირებას ახდენენ, ვიდრე ჩვენი მიწიერი ცხოვრებაა. ისინი დასაბამს აძლევენ და ისეთი  პროცესების მოდერირებას ახდენენ სულში, რაც სხვას არავის არ ძალუძს. ასეა საჭირო. ტკივილის შემცველი მოვლენები ღვთის განგებით ჩვენს ცხოვრებაში ინტეგრირდება. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ადამიანი ამქვეყნად, არაფრის რომ არ ეშინოდეს, არაფერს არ განიცდიდეს, არ იცოდეს, რა არის ტკივილი?

ტკივილი და შიში ჩვენთვის მინუსია მარტო იმიტომ, რომ ჩვენ არ გვაქვს საკმარისი რწმენა, სიმამაცე და მორჩილება. იმიტომ რომ, არ ვენდობით ღმერთს. როგორ გადავაქციოთ მინუსი პლუსად? ბრძენები ამბობენ, რომ ამისთვის მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ვიპოვოთ პლუსი მინუსში. გავიგოთ, რაში გვჭირდება ეს. რის გამო შეგვიძლია ტკივილსა და შიშის დათმენა. ხოლო როცა გავიგებთ, შევიყვაროთ და მივიღოთ ის, რისიც გვეშინია.

წარმოიდგინეთ სიტუაცია, როდესაც ქრისტე თავად მოდის ჩვენთან და გვეუბნება: „თუ ყველაფერს, ჩემ მიერ ბოძებულს, ცხოვრებაში ღირსეულად ატარებ, გარანტირებულად მიიღებ საუკუნო და ულევ სიხარულს“. უკეთესიც, რომ დაგვანახოს ის, რაც ღმერთმა თავის ერთგულებს განუმზადა.

მაგრამ ამასთან ერთად მან არჩევანის თავისუფლებაც მოგვცა: ვიცხოვროთ ერთ მუდმივ პლუსში, მაგრამ შემდგომ მარადიულ  ბნელში და კბილთა ღრჭენაში გადავსახლდეთ. ამის დანახვაც სასურველი იქნებოდა. მაშინ მინუსი ჩვენთვის სასწრაფოდ ერთ უზარმაზარ პლუსად გადაიქცეოდა. ჩვენ სიხარულით მივიღებდით შიშსა და ტკივილს, ოღონდ საუკუნოდ უფალთან დავრჩეთ. ჩვენ  გვესაჭიროება გარანტიები. ჩვენთვის საკმარისი არ არის  სახარებისეული სიტყვები: „ვინც ბოლომდე დაითმენს, ის ცხონდება“.

ჩვენ რომ რწმენა გვქონდეს, ნებისმიერი მინუსი ჩვენთვის შეიძლება პლუსი გამხდარიყო. მაშინ უარყოფითში დადებითს დავინახავდით, გულითად მადლობას შევსწირავდით ღმერთს ყველა იმ წუხილის გამო, რაც ჩვენ საცხოვნებლად გვევლინება.

მართლაც, საქმე მარტო იმაში კი არ არის, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო, არამედ იმაში, თუ რა ხდება ჩვენში. სამყარო ისეთია, როგორიც გვსურს რომ დავინახოთ, სიმართლე კი იმაშია, რომ შინაგანი გარეგნულზე მნიშვნელოვანია. და თუ ჩვენი თვალი ნათელი იქნება, მაშინ სამყარო ჩვენ გარშემო, როგორიც არ უნდა იყოს ის, ნათელით აღივსება.

თუ შეამჩნევთ შეცდომას, აირჩიეთ საჭირო ტექსტი და დააჭირეთ Ctrl+Enter ან გაგზავნეთ შეცდომა, რათა შეატყობინოთ რედაქტორებს.
თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, აირჩიეთ ის მაუსით და დააჭირეთ Ctrl+Enter ან ამ ღილაკს. თუ ტექსტში შეცდომას აღმოაჩენთ, მონიშნეთ იგი მაუსით და დააწკაპუნეთ ამ ღილაკზე მონიშნული ტექსტი ძალიან გრძელია!
ასევე წაიკითხეთ