მიტროპოლიტმა დიმიტრიმ პატრიარქ შიოს აჭარაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა
მეუფე დიმიტრიმ სამღვდელოებისა და მრევლის სახელით კათოლიკოს-პატრიარქის მწყემსმთავრული კურთხევისა და სიყვარულისთვის მადლიერება გამოხატა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ (შიოლაშვილი) სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.
მეუფემ მადლიერება პირადად თავისი, ეპარქიის სამღვდელოებისა და მრევლის სახელით გამოხატა და აღნიშნა, რომ კათოლიკოს-პატრიარქის სტუმრობა ეპარქიისთვის განსაკუთრებული სიხარულისა და კურთხევის მომტანი იყო.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, მადლობას მოგახსენებთ პირადად ჩემი, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით იმ მწყემსმთავრული კურთხევის, სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც თქვენ მოგვანიჭეთ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში ყოფნისას“, – ნათქვამია სამადლობელ წერილში.
მეუფე დიმიტრიმ ასევე ხაზი გაუსვა ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ისტორიულ მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მხარეში ქრისტეს სარწმუნოება უფლის მოწაფეებმა – ანდრია პირველწოდებულმა, სვიმონ კანანელმა და მატათამ იქადაგეს. წერილში აღნიშნულია, რომ წმინდა მოციქული მატათა აჭარაში, გონიოს ციხეშია დაკრძალული.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის შეფასებით, კათოლიკოს-პატრიარქის გულთბილი ვიზიტი წინამორბედი პატრიარქების მადლმოსილების გაგრძელებაა.
მეუფე დიმიტრიმ იმედი გამოთქვა, რომ უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიას კვლავ ხშირად ესტუმრება.
მართლმადიდებელ ჟურნალისტთა კავშირი წერდა, კათოლიკოს-პატრიარქი წირვას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლენს.