კიევ-პეჩერის ლავრა - ისტორია და თანამედროვე გამოწვევები
კიევო-პეჩორის ლავრის მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესწავლა ძირითადად ეყრდნობა წერილობით წყაროებს, რომელიც კიევის რუსეთის პერიოდიდან იღებს სათავეს.
კიევ-პეჩერის ლავრა - ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდე - დნეპრის მაღალ ნაპირებზე, უკრაინის დედაქალაქ კიევში მდებარეობს.
ათასი წლის განმავლობაში ეს ადგილი წარმოადგენდა სულიერი ცხოვრების, განათლებისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს კერას. იგი აღმოსავლეთ სლავური ცივილიზაციის, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის ფორმირების უმთავრესი სიმბოლოა.
კიევო-პეჩორის ლავრის მდიდარი და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესწავლა ძირითადად ეყრდნობა წერილობით წყაროებს, რომელიც კიევის რუსეთის პერიოდიდან იღებს სათავეს. ამ უმნიშვნელოვანესი სამონასტრო ცენტრის კვლევისას ისტორიკოსები პირველ რიგში ორ ფუნდამენტურ ძეგლს მიმართავენ: „წარსულ დროთა ამბები“, რომლის ავტორადაც სახელდებულია ამავე მონასტრის ბერი - ნესტორი და „კიევო-პეჩორის პატერიკი“, რომელიც მონასტრის ბერების მოღვაწეობის ამსახველი უნიკალური კრებულია. სწორედ ამ ორ წყაროზე დაყრდნობით გვესახება საერთო სურათი, თუ როგორ დაარსდა და ჩამოყალიბდა მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უნიკალური მნათობი - კიევო პეჩორის დიდი ლავრა.
ლავრის სულიერი მამამთავარია ღირსი ანტონი (ერისკაცობაში - ანტიპა), რომელიც წარმოშობით ჩერნიგოველი გახლდათ. იგი ადრეული ასაკიდანვე მიისწრაფოდა ასკეტური ცხოვრებისკენ და ამიტომ გაემგზავრა საბერძნეთში - ათონის მთაზე. ათონზე წმინდა მოღვაწე აღიკვეცა და განდეგილური ცხოვრების წესით რამდენიმე წელი დაჰყო. თუმცა, როგორც მაცხოვარი ბრძანებს: „არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა“ (მთ. 5:15). მართლაც, ღირს ანტონში მისი სულიერი მოძღვარი განსაკუთრებულ სულიერ მისიას ხედავს და მოუწოდებს მას: „ანტონი, დაბრუნდი შენს მშობლიურ მიწაზე, რათა იქაც განამტკიცო ქრისტეს რწმენა. შენგან მრავალი ბერი აღმოცენდება“. მოძღვრისადმი სრული მორჩილებით, - როგორც ეს წმინდანებს სჩვევიათ, - ანტონი გამოემართა სამშობლოში და დაახლოებით 1051 წელს, იგი კიევში ჩამოდის და იწყებს შესაფერისი ადგილის ძიებას. მან მოიარა რამდენიმე მოქმედი მონასტერი, თუმცა ვერცერთში ვერ ჰპოვა ის მკაცრი ასკეტური სული, რომელსაც ათონის მთაზე მიეჩვია. ღირსი მამა სრულ განმარტოებას ესწრაფვოდა.
ანტონმა მიაშურა კიევის მახლობლად, მდინარე დნეპრის პირას მდებარე ტყიან ბორცვებს, კერძოდ, სოფელ ბერესტოვოს, სადაც აღმოაჩინა პატარა მღვიმე. ეს გამოქვაბული მანამდე გააკეთა ილარიონმა - ადგილობრივმა მღვდელმა, რომელიც იაროსლავ ბრძენის მოძღვარი იყო. ილარიონი ხშირად მოდიოდა ამ ბორცვზე, დნეპრის გადმოსახედზე და სრულიად განმარტოვებით ლოცულობდა. 1051 წელს იაროსლავ ბრძენმა ილარიონი კიევის მიტროპოლიტად გამოირჩია, რის შემდეგაც მისი გამოქვაბული ცარიელი დარჩა. სავარაუდოდ განმარტოების მსურველ ღირს ანტონს სწორედ მიტროპოლიტმა ილარიონმა ურჩია აღნიშნულ მღვიმეში დამკვიდრება.
ღირსმა ანტონმა მკაცრი განდეგილური ცხოვრებით დაიწყო მოღვაწეობა. საოცარი იყო წმინდა მოღვაწის მოშურნეობა - დღეგამოშვებით იღებდა მხოლოდ გამხმარ პურს და წყალს და დღედაღამ ლოცვაში ატარებდა. მყუდროების მოყვარული ბერის მოღვაწეობა, ბუნებრივია, უყურადღებოდ არ დარჩა. მისი მოძღვრის წინასწარმეტყველებაც ხომ ასეთი იყო, მას უნდა შემოეკრიბა ირგვლივ მოღვაწეები. მართლაც, პირველი მოწაფეები, ვინც ღირს მამასთან მივიდნენ იყვნენ ღირსი ნიკონი და ღირსი თეოდოსი.
თანდათანობით იზრდებოდა მონაზონთა რაოდენობა. როდესაც ძმობამ 12 ბერს მიაღწია, მათ გააფართოვეს მღვიმეები, მოაწყვეს პირველი მიწისქვეშა ეკლესია და სენაკები. თუმცა, როდესაც ბერების რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, მღვიმეებში ცხოვრება ფიზიკურად შეუძლებელი გახდა. გარდა ამისა, ღირს ანტონს, რომელსაც სულიერი სიმშვიდე და მდუმარება სურდა, გაუჭირდა მრავალრიცხოვან ძმობასთან ყოფნა. მან ძმობის წინამძღვრად ბერი ვარლაამი დაადგინა, თავად კი მეზობელ ბორცვზე გადავიდა, იქ ახალი მღვიმე გამოკვეთა და კვლავ სრულ განმარტოებას მიეცა.
ამასობაში ღირსი ანტონის კურთხევითა და ღირსი ვარლაამის მეთვალყურეობით მცოვრებმა ბერებმა მიმართეს კიევის დიდ მთავარს, იზიასლავ იაროსლავის ძეს (იაროსლავ ბრძენის შვილს), და სთხოვეს, მათთვის გამოეყო ბორცვი, რომელიც მღვიმეების ზემოთ მდებარეობდა. მთავარმა მათ სიხარულით გადასცა ეს მიწა. ბერებმა ბორცვზე ააშენეს ხის პატარა ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და ხისავე სენაკები, რომლებსაც გარშემო მესერი შემოავლეს. სწორედ ამ მომენტიდან მონასტერი გამოვიდა მიწისქვეშა სამყოფელებიდან და მიწისზედა კომპლექსად იქცა.
მალე მონასტრის ახალ იღუმენად ღირსი თეოდოსი გამოირჩიეს. თუ ანტონი ლავრის სულიერი ფუძემდებელი იყო, ღირსი თეოდოსი მისი ნამდვილი ორგანიზატორი გახდა. მისი მოღვაწეობის პერიოდში მონასტერში რევოლუციური ცვლილებები მოხდა: თუკი მანამდე ბერები მღვიმეებში თითქმის ავტონომიურად, განდეგილურად ცხოვრობდნენ. თეოდოსიმ კონსტანტინოპოლიდან, სტუდიის მონასტრიდან გადმოიღო წესდება -სტუდიური ტიპიკონი. ბერებს აეკრძალათ პირადი საკუთრების ქონა. ყველაფერი - სამოსი, საკვები, წიგნები - საერთო იყო. დღე დაყოფილი იყო მკაცრად: საერთო ლოცვა, შრომა და სულის სასარგებლო საკითხავების კითხვა. ღირსი თეოდოსი თავად მუშაობდა ყველაზე მძიმე სამუშაოებზე: ატარებდა წყალს, ფქვავდა ფქვილს და აცხობდა სეფისკვერებს. წმინდა მამამ მონასტერთან დააარსა ღარიბთა, ხეიბართა და სნეულთათვის თავშესაფარი. ყოველ შაბათს მონასტრიდან საპყრობილეებში პატიმრებისთვის საკვებით სავსე ურემი იგზავნებოდა.
თანდათანობით მოღვაწეთა რიცხვი იზრდებოდა. ხის ეკლესია ვეღარ იტევდა ბერებს. ამიტომ თეოდოსიმ და ანტონმა გადაწყვიტეს, ხის ეკლესიის ნაცვლად აეშენებინათ დიდი, ქვის საკათედრო ტაძარი, რომელსაც საფუძველი 1073 წელს ჩაეყარა. სამონასტრო გადმოცემის თანახმად, ტაძრის მშენებლობისთვის საბერძნეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდნენ ხუროთმოძღვრები და ხატმწერები, რომელთაც ღვთისმშობლის ხილვა ჰქონდათ და ვლაქერნის ტაძრიდან თან წამოიღეს მიძინების ხატი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ლავრის მთავარ სიწმინდედ ითვლებოდა. სამწუხაროდ, ვერც ანტონი (გარდაიცვალა 1073 წელს) და ვერც თეოდოსი (გარდაიცვალა 1074 წელს) ვერ მოესწრნენ ტაძრის დასრულებას. ღვთისმშობლის მიძინების დიდებული ტაძარი იკურთხა 1089 წელს და იგი გახდა ერთგვარი არქიტექტურული ეტალონი, რომლის მიხედვითაც შემდგომში მთელ კიევის რუსეთში აგებდნენ ტაძრებს.
ასე, უბრალო, განდეგილური სამლოცველო გამოქვაბულიდან, სულ რაღაც 40 წელიწადში, კიევო-პეჩორის მონასტერი გადაიქცა უზარმაზარ, დამოუკიდებელ სულიერ და კულტურულ ქალაქად, რომელსაც მოგვიანებით სრულიად სამართლიანად ეწოდა "ლავრა".